დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა
მან ტვიტერში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო.
„დაუნინგ სტრიტის“ ცნობით, ბორის ჯონსონი კიევში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში იმყოფება.
„უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – განაცხადა ჯონსონმა.
„ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომ ედგება დიდი ბრიტანეთი მომავალშიც გვერდში ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება და რომ ასეც მოხდება“, – დაწერა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა.
„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვხვდები ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს. ბორის, გმადლობთ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნისადმი უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის! უკრაინას გაუმართლა ასეთი მეგობარი რომ ჰყავს!“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ცერემონიაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
ზელენსკის თქმით, ჯილდო ასახავს იმ სამუშაოს, რომელსაც „ბორისი აკეთებს ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპისთვის“.
„დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და უკრაინელ ხალხს იმ საოცარი პატივისთვის, რაც თქვენ მარგუნეთ და რაც, ვფიქრობ, ნამდვილად არის დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის აღიარება“, – განაცხადა ჯონსონმა ჯილდოს მიღების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ბორის ჯონსონი არაერთხელ ჩავიდა კიევში და უკრაინის დედაქალაქის ქუჩებშიც გაიარა.
ვინაიდან სექტემბერში დიდი ბრიტანეთის მმართველ კონსერვატიულ პარტიას – და ქვეყნის მთავრობას – ახალი ლიდერი ეყოლება, სავარაუდოდ, ეს კიევში ჯონსონის უკანასკნელი ვიზიტია პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მოულოდნელად ეწვია, მაშინ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ცნობისთვის, ომიდ დაწყების დღიდან დღემდე ბორის ჯონსონი უკრაინაში მესამედ ჩავიდა.