დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მთავრობაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია ადგილსაც, რომელიც ღაზის სექტორიდან სამი მილის დაშორებით მდებარეობს.
გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი განიხილა.