მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

G7-ის ქვეყნები მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასა და სხვადასხვა სფეროში უკრაინის მიერ გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. დეკლარაციაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ნატო-ს სამიტზე წარადგინეს, აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აპირებენ, უკრაინისთვის შეიმუშაონ „კონკრეტული, ორმხრივი, გრძელვადიანი ვალდებულებები და შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში“. აღნიშნული დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში, ასევე წვრთნებს უკრაინული ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გეგმავენ უკრაინის მხარდაჭერას მისი თავდაცვის სფეროს შემდგომ განვითარებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს შვიდი უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყანა გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას, შექმნას თანამედროვე არმია, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ქვეყანა ახლა და შეაჩეროს რუსეთი მომავალში შემოჭრის საფრთხისგან.

„რუსეთის მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ გავმართავთ კონსულტაციებს უკრაინასთან და გადავწყვეტთ შესაბამის შემდგომ ნაბიჯებს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ თემაზე უკრაინასთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და ისინი ჩატარდება ორმხრივ საფუძველზე: „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ცალკეულ წევრ ქვეყნებსა და უკრაინას შორის.

„დიდი შვიდეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის მიხედვით, თავის მხრივ, უკრაინა ვალდებულია, განაგრძოს ფართომასშტაბიანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა. ამასთან, უკრაინამ უნდა განაგრძოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა. მათ შორის ჯარის თავდაცვისა და მოდერნიზაციის სფეროში რეფორმების გაგრძელება და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება.

ამასთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა, რომ მომავალში დეკლარაცია ღია იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს უკრაინის მხარდაჭერის იდეას. მისივე თქმით, „დიდი შვიდეული“ განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს შემიძლია, განვაცხადო უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი დეკლარაციის შესახებ. „დიდი შვიდეულის“ ჰიროსიმას სამიტზე, დისკუსიებში ჩართვის გზით, რომელიც მოიცავდა მოწვეული ქვეყნების ფართო სპექტრს, შევთანხმდით, რომ ცალმხრივი მცდელობები სტატუს კვოს ძალისმიერი გზით შესაცვლელად მიუღებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და რომ დავიცვათ თავისუფალი, ღია, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ. მომავალში ეს დეკლარაცია ღია იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს უკრაინის მხარდაჭერის იდეას. იმედი მაქვს, ბევრი ქვეყანა გადაწყვეტს გაწევრიანებას. „დიდი შვიდეული“ განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენი სოლიდარობა არასოდეს შეიცვლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

ვილნიუსის სამიტზე დეკლარაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც დეკლარაციას უწოდა მისი ქვეყნისთვის „უსაფრთხოების ქოლგის“ პირველი იურიდიულად სავალდებულო გარანტია.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხებში დირექტორის ამანდა სლოუტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი შვიდეულის ლიდერები დღეს NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად “მნიშვნელოვან განცხადებას” გააკეთებენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის გეგმის შესახებ.

“ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად გამოაცხადებს ჩვენს გეგმას, დავეხმაროთ უკრაინას შექმნას ჯარი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის დაცვა და მომავალში თავდასხმების თავიდან არიდება” – განაცხადა ამანდა სლოუტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს იქნება “გრძელვადიანი ინვესტიცია უკრაინის ძალებში”, რომლის მიზანიც იქნება უზრუნველყოს, “რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი საბრძოლო ძალები, რომელიც შეძლებს უკრაინის დაცვას ახლა და მომავალში რუსეთის აგრესიის არიდებას”.

სლოუტის ცნობით, გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას, უზრუნველყოს ძლიერი და სტაბილური ეკონომიკა და მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის პროცესში “რაც აუცილებელია უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებში დაწინაურებისთვის” – განაცხადა სლოუტმა.

მისი თქმით, ერთობლივი განცხადება გაკეთდება NATO-ს სამიტის შემდეგ შეხვედრაზე, რომელსაც დიდი შვიდეულის ლიდერები და პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრებიან.

ერთობლივი დეკლარაციის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამაც. მათი თქმით, მხარდაჭერის მიზანი უკრაინაში ომის დასრულება და მომავალში თავდასხმის საფრთხის არიდება იქნება.

“ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს დიდი შვიდეულის ყველა წევრი მოაწერს, განსაზღვრავს როგორ დაუჭერენ მხარს მოკავშირეები უკრაინას მომდევნო წლებში, რათა დასრულდეს ომი და ნებისმიერი მომავალი თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული ან პასუხგაცემული” – განაცხადა ბრიტანეთის ხელისუფლებამ.

Reuters-ის ცნობით, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა დღეს, სამიტის დასრულების შემდეგ შეხვდებიან და ამ ინიციატივის შესახებ განაცხადებენ.

გამოცემის თქმით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი და რუმინეთი ასევე შეუერთდებიან ამ დეკლარაციას და ზოგადად ეს ჩარჩო ღია იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, ვისაც უკრაინასთან ამგვარი ორმხრივი შეთანხმების სურვილი ექნებათ.

„დიდი შვიდეული“ შედგება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისგან. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button