მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

დიპლომატები “ბორდერიზაციას” აფასებენ

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებას გამოხატავს იმ ცნობების გამო, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან.

„ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, – „ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის” განმტკიცებასა თუ გაფართოებას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „აღდგომა ტრადიციულად აერთიანებს მშვიდობას და ხალხს. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავიცილოთ ყველა სახის პროვოკაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ადმინისტრაციულ სასაზღვო ხაზზე, სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ”, – წერს შჩიგელი.

ტახტისძირის შესახებ, ასევე „ტვიტერზე“ წერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში კარლ ჰარცელი. მისი შეფასებით, მორიგი „ბორდერიზაცია“ სრულიად მიუღებელია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის მხრიდან.

„მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ აქტორებს, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ ეს მოქმედებები და თავი შეიკავონ ისეთი შემდგომი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია“, – აღნიშნავს ჰარცელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button