მნიშვნელოვანისიახლეები

დიპლომატიურ პასპორტების შეჩერებას პაპუაშვილი,, ქართველი ხალხის ხელისუფლების დასჯას არაევროპულ და დაბალ საქციელს,, უწოდებს

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას “არაევროპულ და დაბალ საქციელს” უწოდებს.

ის ამბობს, რომ “ევროკავშირს ეს არ ეკადრება”.

“პრობლემა არ არის, თუკი ოფიციალური ვიზიტის დროს იქნება ვიზის აღება საჭირო, აიღებს ვიზას ადამიანი, ესეც არ არის პრობლემა. მინდა ვთქვა, რამდენად არაევროპული, რამდენად დაბალი საქციელი არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, ნუ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ”, – ამბობს ის.

ამ გადაწყვეტილებას ვუყურებ, როგორც პოლიტიკური შურისძიების მცდელობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების მცდელობას, ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში,
პაპუაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის ხელისუფლების დასჯის მცდელობა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე. ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საგარეო უწყება დაინტერესდება, რა იყო ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი არგუმენტაცია.

„ვნახეთ, მიტინგებზე გამოდიოდნენ, აქ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, აფინანსებდნენ პირდაპირ ოპოზიციას, მაგალითად, დანიის სახელმწიფო და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი დასჯის მცდელობა, რომ დასაჯონ ქართველი ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე. ასევე, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის საკითხი მოწესრიგებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც 2010 წელსაა დადებული. იქ პირდაპირ არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება რომელიმე მხარემ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა, შეაჩეროს ესა თუ ის მოქმედება. თუ შეხედავთ, აქ სულ სამი შემთხვევაა. ერთია ჯანდაცვის საკითხები – თუ რაღაც პანდემიაა ან რაიმე ასეთი საკითხია, ამ დროს შეჩერება; მეორე – უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში შიგნით; მესამეა ბოროტად გამოყენება ამ პროცედურებისა. არცერთ ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კანონებზე. ამიტომ ცოტა საეჭვოა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც, სხვათა შორის, ჯერ არ გვინახავს, თუ რას დააფუძნეს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ დაინტერესდება, რა სამართლებრივ საკითხებზე იყო ეს დამყარებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხელ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს.

„შეგახსენებთ, 2010 წელი ის პერიოდია, როდესაც პიკშია მისული წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, როდესაც მომხდარია უკვე გირგვლიანის მკვლელობა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა, ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც გამოუძიებელი იყო, როცა დახურულია „იმედი“, წართმეულია „რუსთავი 2“, როდესაც გაყალბებულია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მომხდარია და ამ დროს ბრიუსელმა დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებელი რეჟიმის შემქმნელები დიპლომატიური უვიზო მიმოსვლით, ხოლო ქართველი ხალხისთვის საერთოდ არაფერი არ გაიღო მაშინ ბრიუსელმა.

7 წელი საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივად ვიზას ვიღებდით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის 2010 წელს უვიზო მიმოსვლა დააწესეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, 7 წლის თავზე, „ქართული ოცნების“ მცდელობის შედეგად, ქართველ ხალხზეც გამოიღო ეს წყალობა ბრიუსელმა. ამიტომ ახლა საუბარი, თითქოს დემოკრატიული უკუსვლა თუ დემოკრატიაა მათი განმსაზღვრელი, ეს არის ფარისევლობა. როდესაც 2010 წელს ავტორიტარული რეჟიმის წევრებისთვის გაქვს უვიზო რეჟიმი დაფუძნებული და შემოღებული, ახლა საუბარი, თურმე დემოკრატიის მგრძნობელობა აქვს, არის ფარისევლობა. რაც შეეხება საფუძვლად გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის აღებას, ვიდრე გამოვიდოდა აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომ დიახაც, არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი, ეს რომ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვით ადრე თქვა, თურმე გაღიზიანებას იწვევს ბრიუსელში ზოგიერთ ჩინოვნიკს შორის. არ ვიცი, ახლა რას აპირებენ, აშშ-საც გაუუქმონ უვიზო რეჟიმი, მათ დიპლომატებს. აქაც თუ იქნება ასეთივე თამამი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ეს შეეხება პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებს.

მეორე, გამჭვირვალობის კანონი, აქაც ხომ ჩანს, რას ვითხოვთ, რომ იყოს გამჭვირვალე თანხები, მათ შორის ვიცოდეთ, ევროკავშირის ბიუჯეტი რაში იხარჯება. დღემდე საქართველოში მოქმედებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებს პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არაერთხელ აღიარებული აქვს ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატს პირადად ჩემთან შეხვედრების დროს. ვამბობთ, რომ უბრალოდ გაასაჯაროვეთ, რას აფინანსებთ. იმის ნაცვლად, რომ გამჭვირვალობაზე იზრუნონ, საქართველოს მოსახლეობამ რადგან გაბედა და მოითხოვა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, ახლა უნდათ, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა.

თავად ეს გადაწყვეტილება დაცლილია შინაარსისგან. ვნახეთ უნგრეთის ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას უნგრეთის ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომ ეს იყო ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობა, დაესაჯათ ქართველი ხალხი. კარგია, რომ უნგრეთის სახით გამოჩნდა ხელისუფლება, რომელმაც არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწია ამის მიღებას, არამედ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთში არ აპირებს.

ვნახოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არ არის, თუკი ოფიციალური ვიზიტის დროს საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი, არ არის პრობლემა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ეს რამდენად არაევროპული, მათ შორის, რამდენად მდაბალი საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს და იმდენი რაღაც იკადრეს ვიღაცებმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ ახლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას “ტექნიკურ გადაწყვეტილებას” უწოდებს.

“ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში”, – ამბობს ის.

ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოსთან პარტნიორობა შესაძლებელია სამართლიანი ურთიერთობის და არა – ცინიკური დამოკიდებულების ფონზე.

„ეს არის კიდევ ერთი პასუხი იმ საკითხზე, თუ რატომ არ ატარებდა რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას. მათ შესაბამისი პირობა ჰქონდათ მიღებული კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკებისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდებოდა, „დიფ სთეითი“, მათი მხარდამჭერები, ასევე ამ საკითხზე მომუშავე კონკრეტული ჩინოვნიკები ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ეიძულებინათ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღოთ. არჩევნები დასრულდა „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით და ამ ყველაფერს მოჰყვა ის სხვა ნეგატივი, სრულიად დაუსაბუთებელი და უსამართლო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული. მათ შორის, საკითხი დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. სრულიად გაუგებარია, სად გაქრა ცნობილი ევროპული სამართლიანობა, თუ კი ასეთი არსებობდა. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ყველასთვის გასაგები კანონები, საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს საკუთარი პოლიტიკით შეერთებული შტატების მხრიდან. სწორედ ეს მოუდეს შარად ჩვენს ქვეყანას, რათა კონკრეტული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ. ამ ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში. პარტნიორობა შესაძლებელია სწორედ სამართლიანი ურთიერთობის ფონზე და არა იმ ცინიკური დამოკიდებულების, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი „იმ დავალებებს ასრულებს, რაც გლობალური ომის პარტიისგან აქვს“.

„ალბათ სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება, თუ ერთხელ დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, მისი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი მანიშნებელია, რომ ნეგატიურად ეკიდება ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, სუვერენიტეტს. ის არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და იმ დავალებებს ასრულებს, რაც აქვს გლობალური ომის პარტიისგან, იმავე „დიფ სთეითისგან“. დიდხანს აღარ მოუწევს ასეთი გადაწყვეტილებებით დამწუხრება ან გახარება, რადგან ვიმედოვნებთ, ძალიან მალე იქნება ამერიკული პოლიტიკის შესაბამისი ეფექტი, მათ შორის, ევროპაზეც და ყველა კარგად შეიგნებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება არანაირად არ უშლის ხელს არც ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას და არც მათ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, ცხადი, რომ მისი ანტიქართული მოღვაწეობა არის დასრულებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება უცხოური აგენტების კანონზე საპასუხოდ უჩვეულოა, დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ“.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button