დირექტორს – 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს – პატიმრობა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს, ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას, – პატიმრობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
“თუ ჩემი პატიმრობა ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეცვლის, მაშინ თანახმა ვარ.” – ასე მიმართა მოსამართლეს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, ბრალდების მხარე, პროკურატურა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ბრალდებულ ექიმებს პირად თავდებში უდგებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატი მარიამ ჯაში.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.