“დითოვლობამ განსაკუთრებული პრობლემა ახმეტისა და სიღნაღის ენერგომომარაგების კუთხით შექმნა”-მეტრეველი
თოვა რეგიონში 24 თებერვლამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ყინვებია მოსალოდნელი

“დითოვლობამ განსაკუთრებული პრობლემა ახმეტისა და სიღნაღის ენერგომომარაგების კუთხით შექმნა”- კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.
დიდი თოვლისა და ყინვის გამო, კახეთის რეგიონში პრობლემები შეიქმნა.
დღეს დილიდან, თელავში გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებით მიეწოდება ინტერნეტი ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც პაციენტების შეაბამისი ანალიზების რეგისტრაციას ართულებს.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გივი მეტრეველის განმარტებით, ახმეტასა და სიღნაღში დენის მიწოდების თვალსაზრისით, ყველაზე მეტი პრობლემაა.
” საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა. გზები ინტენსიურად იწმინდება, იყრება მარილი და მუშაობს ტექნიკა. ენერგომომარაგების თვალსაზრისით, სირთულეებია, მაგრამ ენერგო- პრო მუშაობს და ეს პრობლემაც, დარწმუნებული ვარ, აღმოიფხვრება. რაც შეეხება მაღალმთიან ადგილებს, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული, ზიარი- ფხოველის მიმართულებით და სიღნაღი- წნორის გზაზე, მოძრაობა არის, თუმცა სიფრთხილე სჭირდებათ მძღოლებს. თელავშიც ტრანსპორტი გაჩერდა მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის”- განაცხადა მეტრეველმა.
დიდთოვლობის გამო, კახეთის რეგიონში, თითქმის 20 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა რეგიონში 24 თებერვლამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, ყინვებია მოსალოდნელი.