მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დმანისში დაჭრაზე ერთი პირი დააკავეს

დმანისში ოპოზიციის აქტივისტების დაჭრის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
დაჭრილი ორი პირი თბილისში გადმოიყვანეს, ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში 1 პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.

ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დმანისში, სოფელ განთიადში ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას

მსგავსი პოსტები

Back to top button