დმანისში ვითარება დასტაბილურდა- ადგილზე რჩება პოლიცია

დმანისში ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, ღამემ მშვიდად ჩაიარა.ადგილზე კვლავ პოლიციაა მობილიზებული. ამ დრომდე იკითხებიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები, თუმცა დაკავებული ჯერ არავინაა.
ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი აღმოფხვრილია და მისი გაღვივების საშიშროება არ არსებობს.
დმანისში დაპირისპირება ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით დაუპირისპირდენენ ერთმანეთს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
ვითარების ადგილზე გასაცნობად დმანისში იმყოფებოდა შსს -ს მინისტრი ვახტან გომელაურიც.