მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო დარტყმით ემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის გასამართლების მცდელობას „საშინელი შედეგები“ ექნება საერთაშორისო სამართლისთვის.

ასე გამოეხმაურა მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემას. მედვედევი წერს, რომ რუსეთს საპასუხოდ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვიდან სარაკეტო დარტყმის განხორციელება შეუძლია.
სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება

„სასამართლო საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ, შეშინდებიან. ჩივილსაც ვერავინ დაიწყებს, ასე რომ პატივცემულო მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“, – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაცემულია პუტინის დაპატიმრების ორდერი, საშინელი შედეგები ექნება საერთაშორისო სამართლისთვის.

„ეს არის საფუძვლების, სამართლის პრინციპების კოლაფსი, მათ შორის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პოსტულატების”, – აღნიშნა მედვედევმა.

17 მარტს „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: “ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე”.

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის გაცემას გარდამტეხი მომენტი უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button