დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე – დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რამაც შესაძლოა, მოქალაქეებს შორის მსხვერპლიც გამოიწვიოს.
არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნაში, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე“ , – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ადგილობრივები იღებენ SMS-ებს უკრაინის შეიარაღებული ძალების და სადაზვერვო სამსახურების სახელით. მესიჯები შეიცავს გაფრთხილებას დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე “სარაკეტო და საარტილერიო” დარტყმის შესახებ.
უკრაინული დაზვერვა აღნიშნული სმს-ის ტექსტსაც ავრცელებს:
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაჟინებით გირჩევთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უსაფრთხო რეგიონებში. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს არ უსურვებს, თუმცა, ქალაქებში დარჩენილები აღიქმებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე განიდევნებიან. ზუსტად 19:00 საათზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო სროლები განხორციელდება”.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა „სტუმრებს“ უნდა ელოდოს.
მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ მოლდოვის დედაქალაქს მიადგება.
ამასთან, მოლდოვამ დნესტრისპირეთის რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 25 მარტს სეპარატისტულ რეგიონში მომხდარი აფეთქებები მიაწერა “დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ”.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ SMS-ის შინაარსი აქტიურად შუქდება რუსული პროპაგანდიული მედიების მიერ.
“უკრაინის სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს ამ და მსგავს პროვოკაციებთან. ასეთი ინციდენტები შესაძლოა მოხდეს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული დაზვერვის პროვოკაცია უკრაინის და მოლდოვის წინააღმდეგ”. – ნათქვამია განცხადებაში.