დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მასობრივ დეპორტაციებს იწყებს
აშშ-ში უნებართვოდ მცხოვრები მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის რეიდები ტრამპის ინაუგურაციიდან 24 საათში დაიწყება. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
New York Times და Wall Street Journal-ის ცნობით, ოპერაციები, რომელთა ჩატარებითაც დონალდ ტრამპის მიერ „საზღვრების მეფედ“ წოდებული ტომ ჰომანი იმუქრებოდა, შეიძლება, ჩიკაგოში დაიწყოს. სადაც 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 50 000-ზე მეტმა მიგრანტმა მოიყარა თავი.
ტრამპის განცხადებით, ის უხელმძღვანელებს აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს პროგრამას. რეიდის ჩასატარებლად დაგეგმილია აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის 100-დან 200-მდე თანამშრომლის მობილიზება. რეიდის მთავარი სამიზნე იქნება კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები, მათ შორის ისინიც, ვინც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები ან ჩაიდინა სხვა დანაშაულები, რომლებსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დევნისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნევდა.
Fox News-თან ინტერვიუში ჰომანმა პირობა დადო, რომ „დიდ რეიდს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. მანამდე, მან განაცხადა, რომ ჩიკაგო იქნება „საწყისი წერტილი“ მასობრივი დეპორტაციებისთვის.
„მასშტაბური რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ჩიკაგო მრავალი ადგილიდან მხოლოდ ერთია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 ადგილობრივი ფილიალი გვაქვს. სამშაბათს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო თავის საქმეს გააკეთებს”, – განაცხადა ტომ ჰომენმა.
ჩიკაგო ასეთი რეიდისათვის აირჩიეს ორი მიზეზის გამო: თავისი შედარებით ლოიალური წესების გამო ქალაქი მიგრანტების დიდ რაოდენობას იზიდავს, ხოლო დონალდ ტრამპსა და ქალაქის მერს, დემოკრატ ბრენდონ ჯონსონს შორის დიდი ხნის საზოგადოებრივი დაპირისპირება არსებობს.
Wall Street Journal-ის ცნობით, რეიდები ასევე დაგეგმილია ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში.
CBS News-ის ცნობით, მოსალოდნელია საიმიგრაციო რეიდების განახლება სამშენებლო ობიექტებზე, სადაც ხშირად დასაქმებულნი არიან არალეგალი მიგრანტები.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური მუდმივად ახორციელებს არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას. თუმცა, ოპერაცია, რომელიც სავარაუდოდ, 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება, კონცენტრირებული იქნება იმ ქალაქებზე, რომლებიც ზღუდავენ თანამშრომლობას ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურთან და თავშესაფარს აძლევენ მიგრანტებს. ჩიკაგოსთან ერთად, ნიუ იორკი და ლოს ანჯელესი არიან იმ მრავალ ქალაქს შორის, რომლებიც მსგავს პოლიტიკას ატარებენ.
მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციის და სამუშაო ადგილებზე რეიდების გარდა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტრამპმა შეიძლება, ასევე გააუქმოს პოლიტიკა, რომელიც ეკლესიებს აშშ-ის საიმიგრაციო დაკავებებისგან დაცულ ზონებად აცხადებდა.
ასევე მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას ამერიკელი კანონმდებლები მიიღებენ „ლეიკენ რაილის აქტს“, რომელიც მოითხოვს ფედერალური მთავრობისგან დააკავოს კრიმინალურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი აშშ-ში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, მაშინაც კი, თუ მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ ბრალი რაიმე დანაშაულში.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ დაიწყებს “ყველაზე დიდ დეპორტაციის პროგრამას შეერთებული შტატების ისტორიაში”, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნიდან 15-დან 20 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას თეთრ სახლში პირველივე დღიდან დაიწყებს.