სასამართლომ ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნო

ნიუ-მექსიკის შტატის სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება მოხსნა. საქმე 2021 წელს ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის მკვლელობას ეხება. მსახიობის ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დამალა.
სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა, სადაც პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დამალვაში დასდო ბრალი. კერძოდ, საუბარია ტყვიებზე, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო სასიკვდილო გასროლასთან, რასაც ჰალინა ჰატჩინსი ფილმ „ჟანგის“ გადაღებების დროს ემსხვერპლა. თუმცა ტყვიები სხვა საქმეში და განსხვავებული ნომრით იქნა დარეგისტრირებული.
პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ტყვიები დაკავშირებული არ იყო საქმესთან და არ ემთხვეოდა იმ ტყვიებს, რომელიც გადასაღებ მოედანზე იპოვეს. დაცვის მხარის თქმით, მათ უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა, განესაზღვრათ ამ მტკიცებულებების მნიშვნელობა, რისი შესაძლებლობაც არ ჰქონიათ. მოსამართლემ დაცვის მხარის ეს პოზიცია გაიზიარა.
ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიების მსვლელობა და ხაზი გაუსვეს შეცდომებს, რომლებიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დაუშვეს.
შედეგად, მოსამართლემ დაადგინა, რომ პროკურატურას დაცვის მხარისთვის უნდა გაეზიარებინა ეს ინფორმაცია. „ამ ინფორმაციის დამალვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გამიზნულად და განზრახ. სასამართლოს არ შეუძლია ამის გამოსწორება“, – აღნიშნული იყო სასამართლოს განცხადებაში.
მოსამართლის დადგენილებას ალეკ ბოლდუინის ემოციური რეაქცია მოჰყვა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ბოლდუინმა უხეშად უგულებელყო უსაფრთხოების ზომები. მას ასევე 18 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. მსახიობი ბრალს არ აღიარებდა.
უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, 42 წლის გალინა ხატჩინსი ერთ-ერთი სცენის რეპეტიციის დროს რევოლვერიდან გასროლით დაიღუპა. აღნიშნულ რევოლვერს, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბოლდუინი იყენებდა და როგორც აღმოჩნდა, ის საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.
მანამდე დადგინდა, რომ ფილმის პიროტექნიკოსმა ჰანა გუტიერეზ-რიდმა შემთხვევით სარეკვიზიტო და საბრძოლო ვაზნები, რომლებიც სახლიდან მიიტანა, ერთმანეთში აურია. ამ წლის დასაწყისში ქალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბოლდოუნის წინააღმდეგ პროცესი 10 ივლისს დაიწყო და მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა.
ადვოკატებმა პარასკევს საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს მთავარი მტკიცებულება – საქმეში არსებული ვაზნები არ გადასცა. ამით მათ ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიება და მიუთითეს იმ შეცდომებზე, რომლებიც გამომძიებლებმა ადგილზე მუშაობის დროს დაუშვეს.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და საქმე დახურა, ნაფიცი მსაჯულების კოლეგია კი დაშალა.
პროკურატურა ბოლდუინს ბრალს ისევ ვერ წარუდგენს, რადგან სასამართლომ საქმე სრულად მისი განახლების უფლების გარეშე დახურა.
2021 წლის 22 ოქტომბერს ფილმ „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი. შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა.