დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ გაიმართება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 16 თებერვალს გამოაცხადებს, – იუწყება სააგენტო აფსნიპრესი, – თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“.
“ყოველ შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა ზურაბოვიჩი და არძინბა ადგურ ამირანოვიჩი მიიღებენ მონაწილეობას,” – განაცხადა დიმიტრი მარშანმა.
მისივე თქმით, „წინასწარი შედეგები“ დღეს შუადღისას გამოცხადდება.
ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 5 კანდიდატი მონაწილეობდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
გუშინ განცხადება გაავრცელა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.
შეგახსენებთ, გუშინ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა განცხადება გაავრცელა, რომელშც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს. საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ე.წ. არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება. წინასწარი შედეგების მიხედვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:
ბადრა გუნბა – 46%
ადგურ არძინბა – 37%
რობერტ არშბა – 7%
ოლეგ ბარციცი – 4%
ადგურ ხურუმალი – 1%
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ცაჰკნას თქმით, ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შევხვდი და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარებულ ე.წ. ‘არჩევნებზე’. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ესტონეთი ყოველთვის იდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მხარეს,“ – წერს ცაჰკნა X-ზე.
საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
გერმანელი დიპლომატის განცხადება მთავრდება p.s.-ით, რომელშიც ის კვლავ ახსენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხშირად გამოყენებულ deep state-სა და მის თითქოსდა გავლენას ევროკავშირზე.
„მე კვლავ განვაგრძობ ცრუ მოსაზრების, რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, – უარყოფას“, – წერს პეტერ ფიშერი.