დროებითმა საგამოძიებო კომისიამ-ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე – ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.
აღნიშნული საკითხის განხილვამდე კომისიის წევრებმა კომისიის დებულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
“ჩვენ პლენარულ სხდომაზე კენჭი ვუყარეთ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომლის თანახმად, კომისიის თითოეულ წევრს მიეცა ინდივიდუალური უფლება გამოჰკითხოს ესა თუ ის პირი, შეადგინოს ოქმი და გააკეთოს აუდიო ჩანაწერი. დღეისთვის ჩვენს სახელზე უკვე 200-ზე მეტი განცხადებაა, ასე რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შეგიძლიათ გამოჰკითხოთ მათი ავტორები და ამით კომისია კიდევ უფრო სწრაფად იმუშავებს. დებულებაში, ასევე ჩაიწერება, რომ ზოგიერთი პირი შესაძლოა, სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანის საქმე კომპლექსურია, მრავალკომპონენტიანია და მრავალი ნაწილისაგან შედგება.
ბესარიონ ხარძიანი გახლდათ საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც 2011 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მართავდა ჩვენს ქვეყანას, მრავალი უბედურება შეემთხვა, მათ შორის ხელისუფლებისა და პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ არის ცოცხალი. ბესარიონ ხარძიანის საქმეზე არაერთი პროცედურა ჩატარდა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – არაერთი სამოქალაქო სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შედეგადაც, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოჯახმა შეძლო კუთვნილი ქონების დაბრუნება. ქონებისა, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაათმობინეს ბესარიონ ხარძიანს ციხეში ყოფნის პირობებში. ასევე, ამ საქმის ნაწილია: ბესარიონ ხარძიანის მრავალგზის წამება გლდანის მე-8 საპატიმროში, არნახული ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრებზე – პირველ რიგში მეუღლეზე, ასევე, შვილებზე, ძმაზე და დაზე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქმის გარემოებებზე კომისიის წინაშე ბიზნესმენის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა ისაუბრა. როგორც ბესარიონ ხარძიანმა განაცხადა, კუს ტბასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყო, მაშინ როდესაც ბიზნესმენს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განუცხადა, რომ კუს ტბის მმართველ კომპანიაში წილის ფლობის გამო, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.
მან კომისიის წევრებს გააცნო ფაქტები იმის თაობაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების კიდევ რომელი წარმომადგენელი მოითხოვდა მისი მამისგან ფულს, კუს ტბის მმართველი კომპანიებისა და სხვა ბიზნესის წილების დათმობას, ასევე გლდანის ციხეში ბიზნესმენზე განხორციელებული წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. მისი თქმით, „კუს ტბის“ წილის გადაფორმებით დაინტერესებული იყო გიორგი უდესიანი.
როგორც ბიზნესმენის შვილმა აღნიშნა, ბესარიონ ხარძიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის დეკემბერში დატოვა და რომ არა 2012 წლის ოქტომბერში ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილება, ბიზნესმენს ციხეში ყოფნა დიდხანს მოუწევდა, რაც საბოლოო ჯამში, მისი სიკვდილით დასრულდებოდა, რადგან ამით კონკრეტული პირები იყვნენ დაინტერესებული.
“კუს ტბის“ წილების საქმესთან დაკავშირებით, კომისიის სხდომას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებიდან მსჯავრდებული ზაზა გუგავა დისტანციურად ჩაერთო, რომელსაც კომისიის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს.
სხდომაზე მოწვეული იყო გიორგი უდესიანის ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე, რომელმაც ბესარიონ ხარძიანის მიერ „კუს ტბის“ წილის გასხვისებასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემის საკითხზე ისაუბრა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომისიის წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე შეკითხვები დაუსვეს ლამარა კობალაძეს, რომელიც ბესარიონ ხარძიანის ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ უფლებებს სასამართლოში წარმოადგენდა.
მისი თქმით, სასამართლოზე მოითხოვეს უკანონო გარიგებების ბათილად ცნობა, რაც გამოიხატებოდა ამ გარიგებების იძულებით დადებაში. გარიგებაში მოიაზრებოდა გაცემული მინდობილობა და ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება.
როგორც ლამარა კობალაძემ აღნიშნა, სასამართლომ ბათილად ცნო მინდობილობა და დაადასტურა, რომ ის დადებული იყო იძულებით. აქედან გამომდინარე, ბათილად იქნა ცნობილი მინდობილობის საფუძველზე ასევე იძულების გზით გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და წილები მათ პირვანდელ მესაკუთრეებს დაუბრუნდა.
სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისია ბესარიონ ხარძიანის საქმეზე მსჯელობას გააგრძელებს.
“დღეს განვიხილეთ ბესარიონ ხარძიანის საპატიმროში წამებისა და საპატიმროში მასზე ზეწოლის გზით ქონების დათმობის საქმის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. კომისია იმსჯელებს ამ საქმეს როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, საჭიროა თუ არა წერილობითი პროცედურის ფარგლებში სხვადასხვა დოკუმენტაციის გამოთხოვა ან/და იმავდროულად სხდომაზე დამატებით სხვა პირების მოწვევა. ასევე, ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რომელი კონკრეტული საქმე ან და თემა ან კიდევ მიმართულება იქნება ჩვენს მომდევნო სხდომაზე განხილვის საგანი და იმის და მიხედვით თუ როგორ დავამყარებთ ეფექტურად კონტაქტს მოსაწვევ პირებთან, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სხდომაზე ბესიკ ხარძიანის შვილმა დეტალურად ისაუბრა იმ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც კუს ტბის წილებისა და სხვა ქონების დათმობის სანაცვლოდ, ვანო მერაბიშვილის უწყებამ ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოიყენა. სააკაშვილის ხელისუფლება ხარძიანების ოჯახს პირველად 2006 წელს დაუპირისპირდა. როგორც ბიზნესმენის შვილი ჰყვება, მაშინდელმა გენ პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, ბესიკ ხარძიანს 5 მილიონი დოლარი იძულებით გადაახდევინა. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ის სისტემის სამიზნე კიდევ ერთხელ 2011 წელს გახდა. გლდანის ციხეში სასტიკი მოპყრობა, ძალადობის კორიდორი, 2 კვირიანი კარანტინი, ფუქსსა და მორგში გატარებული ღამეები – ხარძიანის შვილმა დეტალურად ისაუბრა წამების იმ მეთოდებზე, რომელსაც მამამისის წინააღმდეგ მიმართავდნენ. მისი თქმით, გია უდესიანის დავალებების შემსრულებელი კი ალექსანდრე მუხაძე იგივე “ქილერა” გახლდათ.
გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია,ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბესიკ ხარძიანის წამების საქმეში დღეს დასახელდა. მოკლული ბიზნესმენის შვილმა კომისიის წევრების დასმულ კითხვებსაც უპასუხა. კომისია ასევე დაინტერესდა იმ ფაქტით თუ როგორ მიიღო ხარძიანმა საპატიმროში 120 000 დოლარის ოდენობის სესხი ერთ დღეში “თი ბი სი” ბანკისგან.
მამაჩემმა საპყრობილე დატოვა 2012 წლის 6 დეკემბერს, როდესაც მოხდა პოლიტიკური ცვლილებები. გამოშვებას არ აპირებდნენ, უპირებდნენ შიგნით მოკვლას, რადგან იცოდნენ მისი ხასიათი, რომ არ გაჩერდებოდა, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ხარძიანის თქმით, 2011 წლის 16 თებერვალს მამამისს იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რის შემდეგაც მოათავსეს გლდანის მერვე დაწესებულებაში და მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა.
„2011 წლის 16 თებერვალს მამაჩემს ვარაზისხევში, დაახლოებით იქ, სადაც ესტაკადა მთავრდება, აჩერებენ სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. 2011 წელს ამდენი ვიდეოთვალი ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე და ათივე არის თანამშრომელი. მათ შორის ერთზე უნდა ვთქვა, დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვდით. ერთ-ერთი არის მესხი, რომელიც მამაჩემს პირში წამალს აყრიდა. თუ არ ვცდები, სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც. მინდა, ყურადღება მიაქციოთ. იმიტომ არ ვამბობ, რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს, ეს მე არაფერს მომცემს. უბრალოდ, ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს.
მამაჩემი მარტო იყო, გამოვიდა შეხვედრიდან, გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. ნარკოტიკული საშუალება მეორე მცდელობით იძულებით ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს. შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ ორგანიზმში კარგად გახსნილიყო ეს ნივთიერება, შემდეგ გადაიყვანეს, სადაც საჭიროა. რა თქმა უნდა, უკვე ამოუგდო ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს დროებით იზოლატორში. ასე დაიწყო.
შემდეგ, 2011 წლის 18 თებერვალს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ვინც იმ დროს ციხეში იჯდა, ალბათ ყველას ემახსოვრება ე.წ. კორიდორი, რომელიც მამაჩემმაც გაიარა ცემა-ტყეპით. ასე ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა. იმდროინდელი გლდანის ციხის კარანტინი ვინც იცის, ყველა დამერწმუნება, რომ ორი კვირა ძალიან დიდი დროა. ორი კვირის განმავლობაში გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში. მათ შორის, ერთი ჩემხელა ბიჭი იჯდა მამაჩემთან ერთად, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა რაღაც დანაშაული ჩადენილი. მერე გამოვიდა და შემხვდა. მამაჩემმა უთხრა, შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო. გაცნობისას პირველი ის მითხრა, ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო პატიმრებს გვცემდნენო. ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს ვუსვამდი, რომ აღეწერა, რა ხდებოდა. ვთხოვე, არ მოეყოლა ქალებისთვის ოჯახში. მე და ის ვსაუბრობდით ცალკე ჩვენთან სახლში. ღამის 03:00 საათზე მამაშენს როდესაც ეძინა, შემოვარდებოდნენ – „ხარძიანი, რა გაყვირებს?!“ ამ დროს ეძინა მამაშენს და გაჰყავდათ. მასთან ერთად რამდენიმე კაცსაც ხანდახან უწევდაო, რომ არ გამოჩენილიყო ისე, თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი. მამაჩემმა საპყრობილე დატოვა 2012 წლის 6 დეკემბერს, როდესაც მოხდა პოლიტიკური ცვლილებები – ბესო ხარძიანის გამოშვებას იმ ციხიდან არ აპირებდნენ, მას უპირებდნენ შიგნით მოკვლას, რადგან იცოდნენ მისი ხასიათი, რომ არ გაჩერდებოდა“, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.
ძალიან კარგი იქნებოდა, ოპოზიცია აქ ყოფილიყო, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ. ბევრი კითხვა მექნებოდა და დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გამცემდნენ, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა პარლამენტში, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხარძიანმა აღნიშნა, „ოპოზიცია მომავალი თაობის სისხლის მოწამვლით არის დაკავებული“. მისივე თქმით, ის იზიარებს მათ დღევანდელ მდგომარეობას.
„სწორი არ იქნება, ჩემი დღევანდელი სიტყვა გულწრფელი მადლობით არ დავიწყო. მადლობა, რომ, როგორც იქნა, ეს კომისია შეიქმნა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და, როგორც იქნა, დადგა, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ასევე, მადლობა, რომ მამაჩემის, ბესო ხარძიანის სახელი, გვარი და მისი პიროვნება მოხვდა იმ სიაში. რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მოხვედრილა მისი მძიმე ისტორიებიდან გამომდინარე.
ერთი მხრივ, ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილისთვის აქ ჯდომა, ამაზე თქვენ წინაშე საუბარი. მეორე მხრივ, ამაყი ვარ, რომ თავაწეული ვზივარ. მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი, არ ვზივარ საბრალდებო სკამზე და ამისთვის მადლობა მამაჩემს, რომ დღეს მე ბესო ხარძიანის სიმართლეს წარმოვადგენ. ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ როგორც ამ შენობაში, ისე ამ შენობის გარეთ. ძალიან კარგი იქნებოდა, თქვენი კოლეგა ოპონენტები, მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, ის ვაჟბატონები და ქალბატონები აქ ყოფილიყვნენ დღეს. პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ და ჩვენნაირი ხალხისთვის, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მრავლად მოვლენ და ბევრი არიან ქვეყანაში. მათ ამის გამბედაობა არ ჰყოფნით და ფაქტი სახეზეა. ბევრი კითხვა მექნებოდა მათთან და დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გამცემდნენ. არ მინდა, დღეს პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, ამისთვის არ ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ისინი ჩემნაირი გოგო-ბიჭების, ახალგაზრდა, მომავალი თაობის სისხლის მოწამვლით არიან დაკავებული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მე მათ მდგომარეობას ვიზიარებ. დღევანდელი ჩემი მდგომარეობა მირჩევნია მათ მდგომარეობას, თუნდაც პოლიტიკურს, თუნდაც ადამიანურს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.
2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს, სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.
კომისიამ დღეს საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც დაკითხა. საპატიმროდან ჩაერთო გია უდესიანის დის ქმარი ზაზა გუგავა. პირი, რომელიც კუს ტბის წართმევის საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა, დღეს კითხვებზე პასუხებს თავს არიდებდა.
გუგავას მსგავსად კითხვებზე თავის არიდება სცადა უდესიანის ადვოკატმაც. დავით კვაჭანტირაძემ 2000 დოლარის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანის მინდობილობა საპატიმროში, კვირა დღეს, ბზობის დღესასწაულზე კანონის დარღვევით გადააფორმა.
უდესიანის ადვოკატის შემდეგ, დეპუტატების წინაშე ისაუბრა ხარძიანების ადვოკატმაც, ლამარა კობალაძემ ახალი გვარები და წამების საქმეში არსებული დეტალები დაასახელა.
სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ კომისია ამ და სხვა დანაშაულებრივს საქმეებზე მოკვლევას გააგრძელებს.
ბესიკ ხარძიანის საქმეში ფიგურირებს ზაზა გუგავა – ის არის გიორგი უდესიანის ახლო ნათესავი, კონკრეტულად დის მეუღლე.
კომისიას, ზაზა გუგავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაერთო. როგორც სხდომაზე ითქვა, ის დაესწრო არაერთ შეხვედრას, სადაც ბესიკ ხარძიანის ქონების დათმობაზე იყო საუბარი, მაგრამ მოწმემ ბევრ კითხვას თავი აარიდა. თქვა, რომ ბევრი რამ არ ახსოვდა – თქვა ისიც, რომ არ იცის, კონკრეტულად რა მოხდა ხარძიანსა და უდესიანს შორის.
“გიორგი უდესიანი მეუღლის ძმაა და ოჯახური ურთიერთობა გვქონდა. ზაჰესის საბაჟო ტერმინალში, ერთ-ერთი თანამეწილე მეც ვიყავი მასთან ერთად და მქონდა საქმიანი ურთიერთობაც. კუს ტბის საკითხზე შეხვედრებს ვესწრებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ იყო როგორც გიორგი, ასევე ჩემი დეიდაშვილი და ვახლდი მათ შეხვედრაზე, რათა მათ შორის არსებული დაძაბული სიტუაცია განმუხტულიყო”, – განაცხადა ზაზა გუგავამ.