მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

დროსტარება საცობში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

საავტომობილო გზებზე შექმნილი საცობები თბილისისთვის ყოველდღიურობაა, მაგრამ აღნიშნული პრობლემა, განსაკუთრებით, სწავლის დაწყების შემდეგ მწვავდება. მოქალაქეები ჩივიან, რომ გაჩერებული მოძრაობის გამო, ერთ ადგილზე დგომით, საათობით დრო ეკარგებათ, რაც უამრავ ცხოვრებისეულ სირთულეს უქმნით; მაგრამ მათ არ აქვთ ცალსახა პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი, როგორ უნდა მოწესრიგდეს ის სატრანსპორტო ქაოსი, რაც დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად იქმნება.

 

მგზავრები:

„სკოლაში უნდა დავტოვო ბავშვი და იქიდან რომ ვბრუნდები მერე, სამსახურში მისასვლელად, შეიძლება, ნახევარი საათი დავაგვიანო ზოგჯერ, შეიძლება, უფრო მეტიც. და მიწევს ყოველთვის რეკვა… მაგვიანდება, იმის გამო, რომ საცობში ვარ… ანუ ფიზიკურად ვერ გავდივარ ისეთ დროს, რომ დროულად მივიდე. საღამოს, საერთოდ გამორიცხულია, რა ვიცი… 7 საათზე რომ ვამთავრებ ან 6-ზე, შეიძლება, 9-ზე ან მიხვიდე ან არა სახლში.“

„ყოველდღე ძაან ხშირად დავდივარ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, დიდი დიღომი-ვარკეთილი. ამ მანძილზე, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში არის საჭირო მხოლოდ ნახევარი საათი. თბილისში მჭირდება საათი და 40, 2 საათი და 10 წუთი. შუქნიშნების მოწყობაც არის საშინელება, რადგან იწელება დრო. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შეიქმნას, ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ევროპა არ არის მარტო ინდივიდუალიზმი და თავისი პირადი მანქანის ყოლა.“

მძღოლი:

„ჩვენი ყოველდღიურობა არის საშინელება. დილით, დღის განმავლობაში და საღამოთი, ყოველთვის საცობია, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში. არ არსებობს დღე, რომ სამსახურში წასვლა… საათი-საათნახევარი მაინც მჭირდება მინიმალურ მონაკვეთზე რომ გადავაადგილდე. ძაან დისკომფორტია მანქანით მოსიარულე ადამიანებისთვის, მძღოლებისთვის. ავტობუსების ზოლები, „ბასლაინები“ რაც გაკეთდა, ამან უფრო დაამძიმა სიტუაცია. თითქოს, უფრო უნდა განმუხტულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მძიმე სიტუაცია მივიღეთ.“

თბილისში საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი მჭიდრო განაშენიანება და ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსების აქტიური მშენებლობაა. ამის შესახებ, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე აცხადებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია თბილისის გაშლა რუსთავისა და მცხეთის მიმართულებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურული განაშენიანება, რათა დედაქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება მოქალაქეებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდეს. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, სასურველია მდინარე მტკვრის სატრანსპორტო დანიშნულებით გამოყენება, რაც ქუჩებში მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.

გიორგი ჯაფარიძე:

„უმთავრესი მიზეზი არის ქაოტური განაშენიანება. არ არის გამჭოლი გზები. მაგალითად, ცენტრის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უნდა გადაადგილდეთ, ასე ვთქვათ, შიდა ქუჩებით. თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, შეიქმნას შესაბამისი სტანდარტით განაშენიანება, სადაც ასევე პარკინგიც იქნება გათვალისწინებული, სკოლები, ბაღები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა… მოეწყოს მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ მტკვარზე იაროს. პრაღის მაგალითი რომ ავიღოთ, ელექტრო ბორანები არის შექმნილი უკვე ამისთვის.“

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დეპუტატი თბილისის საკრებულოში ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ თბილისური საცობების შესამცირებლად, სასურველია მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამასთან, ის მიწისზედა მეტროს გაკეთების საჭიროებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მაგალითად, რუსთავსაც დაუკავშირდება.

ცოტნე კობერიძე:

„შემოვლითი რკინიგზა, რაზეც ყოფილა საუბარი და შემოვლითი გზა, რომელმაც იქნებ, რაღაცნაირად, განტვირთოს ქალაქი… თუმცა, ამასთან ერთად, მეტრო უნდა განვითარდეს, დაემატოს დიდ დიღომში მიწისზედა მეტრო. იმიტომ, რომ ვიცით, მეტროს გაყვანა ძაან ძაან ძვირი გვიჯდება. აქედან გამომდინარე, მიწისზედა მეტრო გაკეთდეს. ასეა თუ ისეა, ვერ ავუვალთ რამდენიმე საკვანძო ადგილზე ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს… იქნება ეს „ვეფხი და მოყმესთან“, სადაც [უნდა] გაკეთდეს ესტაკადები.“

დედაქალაქის მერია მთვარ ფსონს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დებს. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, იმისთვის, რომ ქუჩები საცობებისგან განიტვირთოს, აუცილებელია, რომ მოკლე მანძილებზე გადაადგილებისას, ხალხმა პირადი მანქანებით არ ისარგებლოს. მისი თქმით, თბილისში ადამიანები 700-800 მეტრსაც კი ავტომობილით გადიან, მაშინ, როცა ეს მარშრუტი შეუძლიათ, ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარონ. იგი აღნიშნავს, რომ თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების კულტურა არ შეიცვლება, საცობებთან დაკავშირებით, დედაქალაქში პრობლემები მუდმივად იქნება.

ვიქტორ წილოსანი:

„დაახლოებით, 700-800 მეტრის გასავლელად, ადამიანები გადაადგილდებიან ავტომობილით და… როდესაც შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი დაფარონ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან რაიმე სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით, მაგალითად, ველოსიპედით ან „სქროლით“. ზოგადად, ქალაქში პრობლემა არის ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულება და შესაბამისად, თუ არ შემცირდება ეს კულტურა, ჩვენ გვექნება ეს პრობლემები მუდმივად.“

ფაქტია, რომ საკითხი ყველასთვის ცნობილია, პრობლემა არავის მოსწონს, მაგრამ წლიდან წლამდე, ავტომობილების რაოდენობა იზრდება, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. გამოწვევას კი, დედაქალაქის ქუჩების გამტარუნარიანობა ვერ პასუხობს.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button