დუისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ტერორიზმის ხელშეწყობისათვის მსჯავრდებულების, ხეობის ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის და დუისის მკვიდრის, დავით ბორჩაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები დაპატიმრებული პირების განთავისუფლებას ითხოვდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავდნენ.
აიუფ ბორჩაშვილის დედის, მარიამ ბორჩაშვილის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა და მან საპატიმრო უნდა დატოვოს.
„რისთვის დაიჭირეს, არ ვიცით. უდანაშაულოა, ვინც ჩვენება მისცა მის წინააღმდეგ, ის გარეთ დადის. 9 შვილი ჰყავს, პატრონობა ხომ უნდათ? ჩემი შვილი, თარხან ბათირაშვილთან მეგობრობის გამო დაიჭირეს. მე მივმართავ ყველას, არასამთავრობოებს, დამეხმარონ“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან მარიამ ბორჩაშვილმა.
მარიამ ბორჩაშვილი
ასევე ტერორიზმის ხელშეწყობისათვის ბრალდებულია დავით ბორჩაშვილი. დედამისი, მედეა ბორჩაშვილი ამბობს, რომ მის შვილს საქართველოში დანაშაული არ ჩაუდენია.
„ის მე თვითონ ჩამოვიყვანე თურქეთში სირიიდან დაჭრილი. აეროპორტიდანვე გამაცალეს ხელიდან. მას საქართველოში დანაშაული არ ჩაუდენია. ვითხოვ მის განთავისუფლებას“, – განაცხადა მედეა ბორჩაშვილმა.
მედეა ბორჩაშვილი
36 წლის აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. ორივე ახალგაზრდა სირიაში დაიღუპა.
2016 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ტერორიზმის ხელშეწყობისათვის მსჯავრდებულ მეორე პირს, თურქეთიდან დეპორტირებულ დავით ბორჩაშვილს, 2015 ნოემბრში, სამართალდამცავებმა საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და რამდენიმე საათის შემდეგ, ისევ თურქეთში დააბრუნეს.
22 ნოემბერს, თურქმა სამართალდამცავებმა დავით ბორჩაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს.
ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით წაყენებული ბრალდებით დააკავეს, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში. ბორჩაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.