მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

დვალიშვილმა ზედიზედ მეათე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მან UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.

დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
ქართველ მებრძოლს გამარჯვება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც არის მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი გულშემატკივარი და ამას ღიად აფიქსირებს. ცუკერბერგი პირადად მივიდა შეჯიბრზე და შეიძლება ითქვას, რომ კონტაქტი დვალიშვილსა და facebook-ის დამფუძნებელს შორის, ბრძოლის დროსაც არ დაკარგულა. ერთ მომენტში, როდესაც გდებას უკეთებდა დვალიშვილი სეხუდოს ცენტრიდან იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც ცუკერბერგი ეგულებოდა და მის თვალწინ დასცა ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო. ასევე, როდესაც მას მარყუჟში ჰყავდა მომწყვდეული მეტოქე, დვალიშვილი ესაუბრებოდა და ჟესტებით ანიშნებდა ცუკერბერგს, რომ ის მზად იყო გაეგუდა მეტოქე.

დვალიშვილმა ბრძოლა ბოლომდე დაამთავრა, ის იყო დომინანტი და დაამტკიცა, რომ ამ წონაში არის შეუდარებელი. ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილმა, გამოიწვია შემდეგი მეტოქე და თქვა, რომ ერთადერთი მიზანი აქვს- გახდეს UFC-ის მომავალი ქართველი ჩემპიონი.

“ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიშრომე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადვილად არაფრისთვის მიმიღწევია. თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის ფასდება. ბოლო თვეების განმავლობაში, მარკ ცუკერბერგი ჩემი აქტიური გულშემატკივარი იყო, დღესაც მოვიდა აქ ჩემს მხარდასაჭერად, რამაც ძალიან გაგამხნევა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, მე ვიცინოდი, ნახეთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, არ დავღლილვარ იმიტომ, რომ ყოველდღე ბევრს ვარჯიშობ და როგორც ვთქვი შრომა ფასდება. სამი რაუნდი ჩემთვის არაფერია, შემიძლია ათი რაუნდიც ვიჩხუბო. სად არის ჩემპიონი, მომიყვანეთ აქ ახლავე, შევებრძოლები, ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონის ტიტულია”, – განცხადა მერაბ დვალიშვილმა.

UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონის, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრძოლას მთლიანად აკონტროლებდა.

დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განცხადა, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია და ახლა ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას აპირებს.

„ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდი. კარგი ბრძოლა გამოვიდა. შეხვედრის წინ კონკრეტული გეგმა არ მქონია. დარბაზში თითოეული ილეთის განვითარებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული.

ყოველ რაუნდში უკეთესი ვხდებოდი, ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, გასახდელში კარგად ვერ გავხურდი და ამიტომ იყო პირველი რაუნდი შედარებით რთული.

ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიბრძოლო საჩემპიონო ქამრისთვის და მოვიგო ის. ამ მომენტში უკეთესი მებრძოლი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. კარიერაში ყველაფერი წინ მაქვს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემს ყოველდღიურობაში წარმატებისთვის ბევრი რამ შევცვალე.

ისტორიული მომენტია საქართველოსთვის. მთელმა ქვეყანამ ადრე გაიღვიძა ჩვენი ბრძოლების სანახავად, დარბაზშიც უამრავი ქართველი იყო. ისინი ამაყები არიან, ჩვენ UFC-ის პირველი ჩემპიონი გვყავს. ქართველი გულშემატკივრები მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ, მადლობა მათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა დვალიშვილმა.

ცნობისთვის სეხუდო ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია და მასთან წარმატების შემდეგ, დვალიშვილს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ჰენრი სეხუდომდე ჟოზე ალდოს და პიტერ იანს სძლია.

დღეს UFC-ში კიდევ ერთმა ქართველმა მოიგო, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს – ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნო.

პირველ რაუნდში ის ძალიან სწრაფი იყო. შესანიშნავად მოძრაობდა, ფეხებს კარგად იყენებდა, გამაოცა კიდეც. დრო დამჭირდა, რომ შემესწავლა, ხოლო მეორე რაუნდში ნოკაუტი შევასრულე.

ჩემს მომენტს ველოდებოდი. ბრძოლის დასაწყისიდანვე ჩემი გეგმა გრძელ კომბინაციებს უკავშირდებოდა, რადგან ასეთ დროს ძნელად წასაკითხი იქნებოდა მისთვის ჩემი მოქმედებები.

ვიტყოდი, რომ ვოლკანოვსკისთან კიდევ ერთხელ შეიძლება ბრძოლა, ამჯერად ქამრის დასაცავად, რადგან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა ახლა ახალი თაობის დროა, ახალი სახეების. ჩემი საქმე კი ბრძოლაა, ვისთან დაპირისპირებასაც შემომთავაზებენ, მასთან ვიბრძოლებ.

სამომავლო გეგმა ამ მომენტში დასახული არ მაქვს. კარიერის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. სახლში დავბრუნდები, დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თოფურიამ.
ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შემდეგ ილია თოფურიამ გულშემატკივრებს ქართულად მიმართა: „მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.

ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button