“ძალადობა”, წარმატების პირობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია
“საუბარია განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე”
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატის, ანა თავხელიძის განცხადებით, საუბარია განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე.
მისი თქმით, სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია.
“ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: პირველ რიგში, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად განსჯადი თემა არის დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე, ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია, როგორც სხვადასხვა მტკიცებულებებზე, მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეომასალაზე. საუბარი არის ექსპერტიზის დასკვნაზე, შეფასებებზე, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. მთავარია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო, რასაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა”. – განაცხადა ანა თავხელიძემ.
“ბასილაშვილის წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან”
„თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან”. – ამის შესახებ ბასილაშივლის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.
„ქალბატონი ნელი, პრაქტიკულად, რვა წელი იყო თანაცხოვრების პროცესში ნიკოლოზ ბასილაშვილთან და ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება თანაცხოვრების პერიოდში, ამაზე თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი საუბრობს არაერთ გადაცემაში და აღიარებს აწ უკვე ყოფილი მეუღლის როლს მის სპორტულ წარმატებაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან”. – განაცხადა ანა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ედება ბრალი.
სეოკ-ი: “დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია”
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წუხილს გამოთქვამს.
როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სეოკ-ი გმობს ძალადობას, მაგრამ ამავე დროს, მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან”. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს მომდევნო სხდომა 16 ივლისსაა ჩანიშნული.