მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი შესაძლოა გაამართლონ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის მეუღლემ, ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მაკა შავაძემ თელავის რაიონულ სასამართლოში, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება აღარ დაადასტურა.

ხორციელდებოდა თუ არა, რაიმე სახის ზეწოლა მეუღლის მხრიდან, რაც ქალის პოზიციის შეცვლის მიზეზი გახდა, შავაძემ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

” ეს ჩვენი, ოჯახური საქმეა, ამიტომ, გთხოვთ,არაფერი მკითხოთ”- განაცხადა ბრალდებულის მეუღლემ.

საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა, ზურაბ ბელთაძემაც. თუმცა, ბრალდებულის მეუღლის პოზიციის ცვლილება, დაადასტურა.

” დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ქალბატონმა, სასამართლოზე ქმრის წინააღმდეგ ჩვენება აღარ მისცა. მე ვიცი, რომ კონფლიქტი ამოწურულია და ეს რაღაც გაუგებრობა იყო. რაც შეეხება იარაღს, მინდა იცოდეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი დნმ- ის კვალი ამოღებულ იარაღზე არ დაფიქსირდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, საპატიმროში ყოფნის დროს, ორი მძიმე ოპერაცია გადაიტანა, დღესაც ოჯახში სასწრაფო დახმარება ჰყავდათ გამოძახებული, ამიტომ მეტის თქმა, ამ საკითხზე, სწორი არ იქნება”- განაცხადა ბელთაძემ.

გრემელაშვილის მხრიდან ცოლ- შვილზე ძალადობის ფაქტები, პირველმა მისმა ნათესავმა, საქართველოში სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამჟამად, კუკუნაშვილი ამბობს, რომ საქმის ირგვლივ ინფორმაციას აღარ ფლობს.

” მე აღარ მქონია ამ ოჯახთან კომუნიკაცია და საქმის ირგვლივაც არაფერი ვიცი.სამწუხაროა, თუ პოზიცია ასე შეცვლილია”- განაცხადა კუკუნაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი, უკვე რამდენიმე თვეა, პატიმრობიდან გირაოთი გაანთავისუფლეს და ის საკრებულოს სხდომებს ესწრება. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ტარიელ გალახვარიძე განმარტავს, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სჭირდება.

” დეპუტატი თუ დაპატიმრებული არ არის, მას აქვს უფლება სადეპუტატო უფლებამოსილება განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, უფლებამოსილება შეუწყდება. საკრებულო ამას ცნობის სახით მიიღებს”- განაცხადა გალახვარიძემ.

მიხეილ გრემელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებიდან” შევიდა. მოგვიანებით, მან „პატრიოტთა ალიანსში” გადაინაცვლა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2020 წლის 8 ივლისს დააკავა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, გრემელაშვილი საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცოლ- შვილს და ხშირად, ფიზიკურად ძალადობდა მათზე.
დეპუტატის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მისი ავადმყოფობის გამო, პროცესი გადაიდო.

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, გრემელაშვილს 4- დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია, მიხეილ გრემელაშვილის სამი შვილის პოზიცია, რომლებმაც მამის შესახებ, პოლიციას თავადვე შეატყობინეს.

სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე, მათი უარის შემთხვევაში, ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი, შესაძლოა გაამართლონ.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button