ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციის მაღალჩინოსანი თანამდებობას დაუბრუნდა
ძალადობასა და იარაღით მუქარაში ბრალდებული ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ უდანაშაულოა. თორნიკე იზორია წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.
პოლიციის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ არავისზე არასდროს არ უძალადია და არც მოკვლით დამუქრებია ვინმეს.
ის საქართველოს 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრისა და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯუმბერ იზორიას შვილია. მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა. პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოიხოვდა. საბოლოოდ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
“ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არანაირი გავლენა არ გამაჩნია. ვარ სამსახურში. ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობებს, როგორც წესი და რიგია. ჩემი გავლენები არასდროს არსად არ გამოყენებულა. მამაჩემს თავისი ცხოვრება აქვს, მე ჩემი ოჯახი გამაჩნია. არაფერ შუაში არ არის აქ მამაჩემი”, – ამბობს ბრალდებული.
თორნიკე იზორიას ბრალი 126-ე, ძალადობის და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – მუქარის მუხლით ედება.
დაზარალებული ქალის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული საკუთარ ბიზნეს-პარტნიორზე ძალადობდა და ეს დავა ბიზნეს წილებს უკავშირდება.