კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი თავშესაფარშია გადაყვანილი

არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, რადიო ჰერეთმა ახალი დეტალები გაარკვია. არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცს, რომელიც 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისათვის დააკავეს, მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

მეორე დაკავებული, რომელსაც გამოძიება ოჯახურ ძალადობას ედავება, გოგონას ძმაა. ოცდახუთი წლის ახალგაზრდამ, დას ფიზიკური შეურაცხყოფა, მამაკაცთან მისი შესაძლო სქესობრივი კავშირის შესახებ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ მიაყენა.

სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი გოგონას მეორე ძმაც, რომელმაც პოლიციის შენობა მალევე დატოვა.

ფაქტის შესახებ, პოლიციას 15 წლის გოგონას პედაგოგებმა შეატყობინეს, რადგან ნაცემი არასრულწლოვანი სკოლაში აღარ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზების გარკვევის შემდეგ, სკოლამ სამართალდამცავებს მიმართა. თავად არასრულწლოვანი, ამჟამად, ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება.

დაკავებული მამაკაცისა და გოგონას ოჯახებს მედიასთან კონტაქტი არ სურთ და კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თელავში ორი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძალადობაში ბრალდებულ პირს, 3 წლამდე, ხოლო 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, ბრალდებულს, 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button