ძლიერი ხანძარი სანქტ-პეტერბურგში

სანქტ-პეტერბურგში, პისკარევსკის გამზირზე 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზას უკიდია- ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანია ჩართული.
“80×10 მეტრის ზომის ანგარში ცეცხლი მთელ ტერიტორიაზეა მოდებული. ინციდენტის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანი. ხანძარი კრასნოგვარდეისკის რაიონშია”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამასთან, ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივებმა ნავთობბაზა “რუჩიდან”, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, აფეთქებების ხმა გაიგონეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ავზის აალება გახდა.სანკტ-პეტერბურგის თავზე ამჟამად კვამლი ჩანს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.