ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და თვითნებურად გადაკეტილმა ხევმა კახელები დააზარალა
უხვმა ნალექმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ვენახები დატბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირმა, რომელთანაც ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის საძოვრებზე დავას აწარმოებს, თვითნებურად გადაკეტა თოხლიაურის ხევი, რასაც წყალმოვარდნა მოჰყვა.
„კერძო პირია, რომელსაც სოფელი საძოვრის მიტაცებას ედავება, თვითნებურად თოხლიაურის ხევი გადაკეტა. რა მიზანი ჰქონდა, არ ვიცით. მოვიდა ძლიერი წვიმა, ხევი გადმოვიდა და ვენახები მთლიანად წყალშია. ახლა ვარკვევთ, რამდენი დავზარალდით და რა გზას დავადგეთ“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ძლიერი სეტყვის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააზარალებულია სოფლები წყაროსთავი და ნინოწმინდა, დაზიანებულია ხეხილის ბაღები ქალაქ საგარეჯოშიც. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაზარალდა სოფელი პატარძეულიც, ხაშმსა და ნინოწმინდაში დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, საგარეჯოს ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისა და ფართობის შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.
მუნიციპალიტეტის მერი გავიდა ადგილზე და ზუსტად ადგენს, სად რა არის დაზიანებული. ზუსტი ინფორმაცია, მოგვიანებით გვექნება- განმარტეს მერიაში.
კახეთში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.