ახალი ამბებიმნიშვნელოვანირეგიონი

ძლიერმა წვიმამ სოფელი კასრისწყალი დააზარალა

ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის შენობა და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

კასრისწყალის საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, საკლასო ოთახები წყლით არის სავსე.

„ძალიან დიდი წვიმა იყო. საკლასო ოთახები და პირველი სართული წყალით არის სავსე. იქნებ როგორმე გადავარჩინო სასკოლო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მაგრამ სადაც წყალია, ვერც კი შევდივარ. ჯერჯერობით დასახმარებლადაც არავინ მოსულა“, – განუცხადა რადიო ჰერეთს ბუღრიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მერის წარმომადგენელი იმყოფება და ვითარებას სწავლობს.

„ჩვენი წარმომადგენელი ადგილზეა, ეცნობა ვითარებას და რაც დახმარება იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ნასყიდაშვილმა.

სოფელი კასრისწყალი ახმეტის მუნიციპალიტეტს ექვემდებარება, თუმცა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორითაა გარშემორტყმული და შირაქის ველებთან ახლოს მდებარეობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button