ძმები ყრამანაშვილების განცხადება

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2-ის“ 91 %-იანი წილის მფლობელები, ძმები ყრამანაშვილები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. გადაწყვეტილებას ისინი მართლმსაჯულების ძალადობრივ ქმედებად აფასებენ.

„დღეს მთელი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულების ძალადობრივი აქტი. სახელმწიფომ იძალადა არა კონკრეტულ კომპანიაზე, „რუსთავი 2-ზე“, არამედ თავისუფალ სიტყვაზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ჩვენ, „რუსთავი 2-ის“ მფლობელები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეჭვი არ გვეპარება ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში, იმაში, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, მაინც შევძლებთ ჩვენი საკუთრების დაცვას“, – ნათქვამია ძმები ყრამანაშვილების განცხადებაში.

„რუსთავი ორის“ ადვოკატები კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ტელეკომპანიის იურისტები სააპეელაციო სარჩელს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალური შესწავლის შემდეგ მოამზადებენ. შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმაც.

პაატა სალიას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შესაძლოა, გადაწყვეტილების ის ნაწილი გაასაჩივროს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ დაყენებული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლომ ხალვაშის ადვოკატების მიერ დაყენებული შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button