ე.წ. პიჯაკების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა. დღევანდელი განხილვა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია.
პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში მეგობრებო, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის, და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე.
სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ღია დისკუსია უნდა და საქართველოში სწორედ ამის გამო დაბრუნდა.
ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც საქართველოდან არაფერი წამიღია, თითზე გადასახვევიც კი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან პროკურორები და მოსამართლეები კორუფციასა და თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულა.
როგორ მოხდა, რომ ვახტანგ გომელაურის უახლოესი ადამიანის სახელზე, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი და ძალიან გაჭირვებული იყო, უცებ აღმოჩნდა რამდენიმე დიდი კომპანია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც სამართალდამცველებს ისევ იმდენი ხელფასი აქვთ, რამდენიც მისი პრეზიდენტობის დროს და მათ 10 000 ლარიან სესხს არ აძლევენ, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება აღარ მუშაობდნენ.
„მაშინ როცა პოლიციელებს ხელფასი იმდენივე აქვთ, რამდენიც ჩემი პრეზიდენტობის დროს, გარდა იმ რამდენიმე ასეული პირისა, რომელიც არბევს, როგორ მოხდა, რომ ვახტანგ გომელაურის უახლოესი ადამიანი, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი, ძალიან გაჭირვებული იყო და უცებ მის სახელზე აღმოჩნდა რამდენიმე დიდი კომპანია და მას დაუთმეს სათამაშო ბიზნესის 20%, კომპანიაში, რომელიც ღირდა 60 მილიონი დოლარი. თქვენ არ გინდათ ასეთი თოვლის ბაბუა, რომელიც გაჩუქებთ 20%-ს 60 მილიონიან ბიზნესში?
ამ უქონელმა კაცმა კომპანია „ბაუ მაესტერის“ წილში გადაიხადა 4 მილიონი ლარი, კუპატაძეზე ბევრი ილაპარაკა პრესამ და ა.შ. და რიგით პოლიციელს სესხს არ აძლევენ 10 ათას ლარზე, იმიტომ, რომ იციან, შეიძლება ვერ გადაიხადონ და ხვალ ეს ხალხი არ მუშაობდეს, აღარ ვლაპარაკობ თბილისში რაც ხდება, ძალიან კარგად იცით და ის, რომ ივანიშვილმა 5 მილიარდი დაიმატა საქართველოს ქონებით,“- განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 26 მაისს განვითარებულ პროცესებზე განმარტება გააკეთა. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მიმდანარე მოვლენების დროს, მხოლოდ ერთადერთი ბრძანება გასცა და ეს დემონსტრანტების ტერიტორიიდან მაქსიმალურად გაყვანას ეხებოდა.
“მე მინდა ხალხმა იცოდეს, 26 მაისს რა იყო. 26 მაისს მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თათუხაშვილზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ რომ პროტესტანტების მანქანამ გადაუარა. პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათ უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, რაფერი განკარგულება არ ყოფილა და რაც იყო ცუდი, ჩაკეტილი იყო ორივე მხრიდან ეს მოედანი. თემურმა დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არისო, პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილებაო, იმიტომ რომ თავისიანი მოუკლესო და რა ვქნათო?
რა შეგვიძლია ვქნათ და გავუხსნათ ახალგაზრდობის სასახლის ბაღი, რომ გამოარიდოთ ყველა და გავიყვანოთ ყველა აქედანო და მე ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ, ყველა დემონსტრატი გაიყვანეთ, გაარიდეთ, ყველა მიმართულებით გაიქცნენ, რაც არის შენს სფეროში, ახლავე გააკეთე-თქო.
აი ეს არის ის ერთადერთი ბრძანება, რომელიც მე გავეცი 26 მაისზე,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხეში, მის მიმართ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა:
“როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძაან ცუდად ვიყავი, თვლიდნენ ექიმები, როგორც ამას წინათ ერთ ერთმა მითხრა, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, დილის 7 საათზე მომიწყვეს შუმოკი თან როგორი? წინა შუმოკები იყო უბრალოდ დედის გინება, ხმაური , ახლა იყო მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებებმა ბრახუნი, ბადრაგი არსად არ იყო და არც ერთი სამედიცინო პერსონალი არსად არ იყო და იყო სრული შთაბეჭდილება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან და ეს იყო ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული, ნაწილი იმ წამებისა რომელიც იქ ხდებოდა.” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე ოპოზიციისა და მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები კეთდება. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, ოპოზიციის ნაწილისთვის მხოლოდ პიჯაკების საქმეა.
ოპოზიციაში სასამართლო პროცესის უნდობლობაზეც საუბრობენ:
“ამ სასამართლო პროცესის მიმართ არ არსებობს არანაირი ნდობა, ცხადია არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და არც ქვეყნის შიგნით. ეს არის ერთგვარი შოუ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის დადგმული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. კარგია რომ მიხეილ სააკაშვილს ეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს სხდომა იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,” -აცხადებს სალომე სამადაშვილი.
“მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ნებისმიერი ბრალი თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, არის პოლიტიკური დევნის ნაწილი,” – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და შოთაძის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს წარმომადგენლობით ხარჯს ედავებიან და ამტკიცებენ, რომ გაფლანგულია დაახლოებით 9 მილიონი.