მნიშვნელოვანისიახლეები

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციომ მესამე პრეზიდენტის განაჩენი განხილვის გარეშე, ძალაში დატოვა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე მიღებული განაჩენი. მისი შეფასებით, ამით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

როგორც ადვოკატი განმარტავს, განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება „წაერთვა“. სააპელაციომ გადაწყვეტილება 16 მაისს მიიღო

როგორც ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასტურია იმის, რომ „სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად, მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია“.

„როგორც მოგეხსნებათ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება და მის მიმართ არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაა რეალიზებული, არამედ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. ამის კიდევ ერთი დასტური გუშინ მივიღეთ. ეს არის სააპელაციო სასამართლოდან 2025 წლის 16 მაისის განაჩენი. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ სასჯელი შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული მთელი რიგი არგუმენტაციით. მათ შორის, ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არა მხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესი და მსგავსი ოდენობით სასჯელის შეკრება, ფაქტობრივად, არ ხდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანი არგუმენტები გვქონდა მოყვანილი ბრალთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება ეს ქმედება ბრალდებულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, გამართულიყო მსჯელობა, მხარეთა შორის პაექრობა ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში. მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე, უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება, ფაქტობრივად, წაერთვა. იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო. ირონიულია ის ფაქტიც, რომ იგივე მოსამართლემ უნდა განიხილოს „პიჯაკების საქმე“ სააპელაციო სასამართლოში.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად, მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს“,- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.
შეგახსენებთ, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შეკრებითობით – 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა .

მიხეილ სააკაშვილს კიდევ სამ საქმეზე აქვს პატიმრობა მისჯილი:

მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა – თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სააკაშვილს სწორედ ამ საქმეში, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
ერთ-ერთი ბოლო განაჩენი 2025 წლის 12 მარტს დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილი უკვე სამი წლის დაპატიმრებული იყო. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს კიდევ ერთ საქმეზე – „იმედის დარბევის“ საქმეზე მას ედავებიან 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. პოლიციამ იგი არჩევნების წინა დღეს დააკავა. დაკავებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ყოფნის დასადასტურებლად ვიდეოებს ფეისბუკგვერდით ავრცელებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button