ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარმა დაახლოებით 15 000მ² გაანადგურა

ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
სხვადასხვა პროდუქციით მოვაჭრეებს ბაზრობის, „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე საქონელი გაუნადგურდათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა.
მოვაჭრეების თქმით, სავაჭრო ფართების ნაწილი სრულად დამწვარია, მაღაზიების ნაწილში კი გარკვეული საქონლის გადარჩენა მოხერხდა.
ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ხანძრის მიზეზების შესახებ არანაირი ვერსია არ აქვთ
„მე რომ მოვედი, უკვე მოდებული იყო ალი. დამწვარი იყო ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი სულ ჩამწვარი იყო, რომ მოვედი. არც ეჭვი გვაქვს, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ.
„რომ გამოვდივარ, საერთოდ ვთიშავ შუქს და თუ ვინმემ დატოვა რაღაც, ეგ არ ვიცი. არ გამოვდივარ ისე, სიგნალიზაციაზე მყავს აყვანილი. მე დაზღვევა მაქვს. რაღაც ნაწილი გადარჩა. გარეთ ყრიან ახლა, თუ რამე გადარჩა. მაგრამ თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება. რას გადავარჩევ, არ ვიცი“, – განაცხადა მოვაჭრემ.
„სახლში ვიყავი, დამირეკეს, ხანძარიაო. ეს იყო შვიდის ნახევარი და მოვედით აქ“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.
თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა. ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.
მისივე თქმით, დაახლოებით 15 000 კვადრატზეა დამწვარი შერეული ბაზრის ტერიტორია.
“რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, – ამბობს ლევან მუსელიანი.
ს.ს „თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას შპს „ბაქანი“ უზრუნველყოფდა.
„მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.
აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დილის 6 საათისთვის გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ლევან მუსელიანის ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყო 30 სახანძრო ავტომანქანა.
ბაზრობის ტერიტორიის მახლობლად მდებარე ზოგიერთი კლინიკიდან პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
თბილისის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წელს დაიწვა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო”. პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებებით დააკავა ცენტრის დირექტორი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.