მნიშვნელოვანისიახლეები

“ეკლესია ტყეს მიხედავს”; “უმცირესობების უფლებები დაცულია”

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარე ტყეების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია. ის დარწმუნებულია, რომ ეკლესია მას კარგად მიხედავს. ამ თემაზე ხაზარაძემ TV პირველის ეთერში, ეკა მიშველაძის გადაცემაში ისაუბრა.

“თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო დაკანონება ამ ტყის, მე არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია. […] ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, მე როგორც ვიცი, უზურფუტში იყო, დღეს უბრალოდ, დაკანონდა. მე ამაში დიდს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს.” — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონება დღეს არ მომხდარა და ეს ტყეები ძველ ტაძრებზე იყო გადაცემული.

მოისმინეთ მამუკა ხაზარაძის ხმა.

საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს, 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტყის კოდექსის ამ ჩანაწერს არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. მათ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს. ისინი ცვლილებების აღნიშნული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, ცვლილებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და იგი სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.

EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის აზრით, საქართველოში ლგბტ თემის უფლებები “ძალიან კარგადაა” დაცული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. ამ თემაზეც, მან TV პირველის ეთერში, ეკა მიშველაძის გადაცემაში ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგადაა განსაზღვრული კონსტიტუციაში და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ჩვენ რაღაც ნოვატორობა ამ მიმართულებით არ უნდა გამოვიჩინოთ, ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება, ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს.” — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ლგბტ თემისთვის ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მინიჭებაზე, უპასუხა, რომ სჯერა, შვილი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

“კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსტიტუციაში ეს ლამაზად წერია და ამას უნდა გავყვეთ, ამას მგონი მეტი აფიშირება არ სჭირდება. მე წინააღმდეგი ვარ, რომ აქ ქორწინება და შვილად აყვანა, მე ვფიქრობ, რომ შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ. ოჯახმა, მე ესე მჯერა.” — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მოისმინეთ მამუკა ხაზარაძის ხმა.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ლგბტ+ თემის წევრებს პრობლემები გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც კი ექმნებათ და ამითაც ვერ სარგებლობენ. მისი თქმით, თემის წევრების მხრიდან ინტერესებზე ღიად საუბარს საზოგადოების ნაწილისგან აგრესია მოჰყვება და ბოლო წლებში, რადიკალური ჯგუფების გააქტიურება საგანგაშოა.

ამასთან, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button