მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის საბჭო უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოუყოფს

გერმანიამ პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29 გამანადგურებლების მიწოდების უფლება მისცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში 1 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ 13 აპრილს გამოაცხადა.

აღნიშნული ნაბიჯი შესაძლებელს გახდის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მიიღონ კომპენსაცია თავიანთი მარაგებიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ან 2023 წლის 9 თებერვლიდან 23 მაისის განმავლობაში შეცვლილი შეკვეთების სანაცვლოდ.

“დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების პირველი ნაწილი, ხელი შევუწყოთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას. არ არსებობს ევროკავშირის ერთიანობისა და გადაწყვეტილების უკეთესი გამოვლინება, რომ გააგრძელოს მხარდაჭერა უკრაინის ლეგიტიმური უფლებისა, დაიცვას თავი სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

ამ გადაწყვეტილებით ძალაში შედის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დაჩქარებული მიწოდების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 20 მარტის შეთანხმების პირველ ნაწილი. საბჭოს ინფორმაციით, ასევე 4.6 მილიარდ ევრომდე იზრდება ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ოდენობა.
ცნობისთვის, EPF-ის პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის პარტნიორებს, სამხედრო და თავდაცვის სფეროში ეხმარება, 2021 წელს შეიქმნა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი პენტაგონში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს. შმიჰალმა ვაშინგტონში ვიზიტისას თქვა, რომ უკრაინას „კვლავაც სჭირდება ინტენსიური სამხედრო დახმარება – მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც შეამცირებს რუსეთის ავიაციის დარტყმების ზემოქმედებას, მეტი მძიმე არტილერია, ნაღმსატყორცნები და მათთვის საბრძოლო მასალა“. მან პენტაგონს სთხოვა, „გადახედოს უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდების საკითხს“.

ოსტინთან ერთად ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას შმიჰალმა თქვა, რომ კიევი მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს კოალიციას, რათა უკრაინა უზრუნველყოს ტანკებითა და დაჯავშნილი მანქანებით. მაგრამ დასძინა, რომ „იმისთვის, რომ ჩვენი კონტრიერიში წარმატებული იყოს, ასეთი მარაგების გაზრდა გვჭირდება“.

შმიჰალმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შექმნა სამხედრო თვითმფრინავების კოალიცია და თქვა: „შეერთებულ შტატებს ვეპატიჟებით, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გახდეს“.

უკრაინა თვეების განმავლობაში ითხოვს აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან, რომ მას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. პენტაგონი ამისგან თავს იკავებს კონფლიქტის ესკალაციის შიშით.

მაგრამ შმიჰალმა 12 აპრილს განაცხადა, რომ თანამედროვე ომში საჰაერო უპირატესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის და რომ ამერიკას შეუძლია „კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ლიდერობა უკრაინისთვის F-15-ების ან F-16-ების გადაცემით“.

გერმანიამ პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29 გამანადგურებლების მიწოდების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, გამოცემა არ აკონკრეტებს რამდენ თვითმფრინავზე ვრცელდება გერმანული ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა გერმანიისგან უკრაინისთვის MiG-29-ის მიწოდების უფლება მოითხოვა. ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება იყოს 5 MiG-29 გამანადგურებელი.

ცნობისთვის, 2002 წელს გერმანიამ პოლონეთს 23 MiG-29 გამანადგურებელი მიჰყიდა, რომელიც გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიისგან მემკვიდრეობით მიიღო.

როგორც წესი, გერმანიიდან სამხედრო ტექნიკის გაყიდვის ნებართვას კონტრაქტები ადგენენ, რადგან გერმანიის მთავრობამ თანხმობა უნდა გასცეს მესამე ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას კი პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას 8 MiG-29 უკვე მიაწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button