მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ეკლესიების მიმდებარე 20-20 ჰექტარი ტყე საპატრიარქოსთვის

გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

კომიტეტზე ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა მოხსენების დროს თქვა, რომ სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოდ გადასცემს. მან აღნიშნა, რომ მიზანი ტყის მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.

“ამ კანონით, თუკი საპატრიარქოს მიეცემა რაღაცა რაოდენობის, გარკვეული რაოდენობის ტყეები, იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე რა თქმა უნდა, რომლებიც უმეტესწილად ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს”. — თქვა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტყის კოდექსის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, ცვლილებები ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.

EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.

როდის იგეგმება ტყის კოდექსის განხილვა პლენარულ სხდომაზე, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button