მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ეკლესიებში ორმეტრიანი დისტანცია დაცული ვერ იქნება”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ სააღდგომო ლიტურგიისას ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება.

მისი თქმით, ამ დღეებში ეკლესიაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

“ამბობენ, რომ ეკლესიებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ვერ იქნება დაცული, როდესაც მასობრივი თავშეყრა იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ინფიცირებულია. გარდა ამ 336-სა არის დაუდგენელი, გამოუვლენელი ადამიანები, რომლებიც ინფექციის მატარებლები არიან და გადამდები არიან. ამის გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში.

ამირან გამყრელიძემ ეკლესიასაც მიმართა და მღვდელმთავრებს სთხოვა, მიიღონ გადაწყვეტილება და წლევანდელი აღდგომა განსხვავებული ფორმატით ჩაატარონ.

“არიან გამოუვლენელი, დაუდასტურებელი ვირუსის მატარებელი ადამიანები და მასიური თავშეყრის დროს, ინფექციის გავრცელებისა და დაინფიცირების რისკი მაღალია. უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას ქვეყანაში, ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ.” – ამბობს ამირან გამყრელიძე

15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button