მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზრდება-საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მაღალ დონეზე შეფასდა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ გადაიდგა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მიმდინარე ანალიზის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, ასევე, მაღალ დონეზე შეფასდა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ გადაიდგა.
„როგორც იცით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზი 5.2 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, იმ გათვლებით, რაც გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მომზადდა. ამავე დროს, განვაცხადეთ, რომ მოხდებოდა ამ მაჩვენებლის განახლება იმის მიხედვით, როგორი იქნებოდა ეკონომიკური ტენდენციები 2024 წლის დასაწყისში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჩვენი პროგნოზებიც ზრდის მიმართულებით შეიცვლება.
მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ასევე, შესწორდა ზრდის მიმართულებით და 5.7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ინარჩუნებს მდგრად პარამეტრებს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ვალის, ისე დეფიციტის კუთხით. ასევე, მდგრადია მონეტარული პოლიტიკა – ბოლო 10 თვის განმავლობაში ერთ პროცენტზე დაბალი ინფლაცია ფიქსირდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების მეოთხე მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმურად ახორციელებს, საქართველოში მუშაობა დაასრულა.
მისიის დასრულების შემდეგ ეროვნულ ბანკში მედიისთვის ბრიფინგი გამართეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს და კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება, ეს არის სამწლიანი კარგი ზრდის შედეგი, – ამის შესახებ IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალიმ სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფლაცია ნორმალიზდება და 3%-ს მიუახლოვდება, როგორც იყო დაგეგმილი და პროგნოზირებული.
„საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და ფისკალური დეფიციტი დაახლოებით მშპ-ის 4-ს მიაღწევს. მარტის თვეში მშპ-ის 6%-ზე გავალთ და სავალუტო გაცვლითი კურსის რეზერვები ასევე დასტაბილურდება და მიაღწევს დაგეგმილს. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ეფექტური იქნება და მისი პოტენციალი საკმაოდ კარგად იქნება განვითარებული“, – განაცხადა სუბირ ლალიმ.
მისივე თქმით საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა პანდემიას და რუსეთის ომს უკრაინაში.
„აქ რისკები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, გაურკვეველი მდგომარეობაა. საქართველოს აქვს მყარი მდგომარეობა, მაგრამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, არის გარკვეული რისკები. ბევრი რამაა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ქვეყნის გარეთ, ასევე როგორი იქნება საერთაშორისო საინვესტიციო ტენდენციები. გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ორიენტაციაზე ბევრია დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა იყო მოქნილი და უნდა გქონდეს ადეკვატური ფისკალური პოლიტიკა იმისთვის, რომ პროცესები წარმატებით მართო. საქართველო ამას კარგად უძღვება ბოლო წლების განმავლობაში. ამ მხრივ კარგი ინდიკატორები და კარგი მიღწევებია. ამ რთულ პერიოდში საკმაოდ კარგად გაუძღვა ეკონომიკას და ეს პოტენციური რისკები კარგად იყო არიდებული და მართული“, – განაცხადა სუბირ ლალიმ.
საქსტატის მტკიცებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით);
მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).
2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.
2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.