ელჩს „ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია“-პაპუაშვილი გერმანიის ელჩს აკრიტიკებს

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მონახულების გამო აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს.
გერმანიის ელჩი საქართველოში, გუშინ, 28 ივნისს მივიდა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც შიმშილობა აქვთ გამოცხადებული ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს.
მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა სამმა აქტივისტმაც: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.
შალვა პაპუაშვილი ირიბად მიანიშნებს, ელჩის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე და შეახსენებს მას „ვენის კონვენციას“.
„დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“, – წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში.
მანამდე, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, ერთაბზაციანი კომენტარით შემოიფარგლა და დაწერა:
„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება“.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს გერმანიის ელჩმა ტვიტერზე უპასუხა, პარლამენტის წინ მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია:
„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს – პარლამენტში„ქართული ოცნების” ყოფილი წევრს. პოპულარიზდება„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ” გარემო. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.
შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერის ეს პოსტი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობად მოიხსენია და მიიჩნია დადასტურებად, რომ ელჩს „ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია“ და მხოლოდ „ემპათიის გამოსახატავად მივიდა“.
მან იკითხა: რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?
„თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღი აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული “ადამიანის ღირსების” შელახვაა.
ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა – “ადამიანური ემპათიაა, შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს” – ამ განცხადებით პეტერ ფიშერი პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა, სადაც შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ “ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია. ეს გერმანელებსაც ეხება”.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს.
მისი თქმით, თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი.
“უკვე არავის აღარ უკვირს გერმანიის და სხვა ელჩების გარკვეული პოლიტიკური პოზიცია. ამასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. შეიძლება განცხადება გააკეთო, შეიძლება შენი პოზიცია გამოხატო, მაგრამ ერთადერთი, რაც დარჩენილია განცხადდეს, არის ის დამოკიდებულება, რასაც ადამიანური დამოკიდებულების რაღაც გამოვლენა ეწოდოს. ეს ზუსტად აისახა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ელჩი ფიშერი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნების” წევრთა მწვავე კრიტიკის სამიზნე. ელჩმა არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით, რაც საჯაროდ გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა.
ასევე, მმართველი პარტიის წევრები რეგულარულად უარყოფენ ელჩის მიერ გადმოცემულ დასავლურ შეფასებებსა და შეშფოთებებს.
18 მაისს ბათუმში, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურემ, ვალერი ქოჩიაშვილმა ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც პროპაგანდისტული არხების საშუალებით გავრცელდა მანამ, სანამ საელჩო ამ ფაქტს დაადასტურებდა.
ელჩი ბათუმში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად.
გერმანიის ელჩისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ამ თემაზე ვრცელი პოსტი დაწერა ერთპარტიული და სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მან დასავლელი დიპლომატები ქართულ სასამართლოზე ზეწოლაში, გერმანიის ელჩი კი გერმანიის კონსტიტუციის დარღვევასა და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი გერმანიის ელჩის მიმართ გინებას „შეწუხება“ უწოდა.
“ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსთან კომუნიკაცია. ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.
“თუ ჩვენთან არ ხარ, მტერი ხარ”-ს ატმოსფეროს პოპულარიზაცია ხდება. ეს მენტალიტეტი დემოკრატიის საწინააღმდეგოა და “ევროკავშირი 2030 წლისთვის” ილუზიად აქცევს”, – წერს ის X-ზე.
გუშინ, 27 ივნისს ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. მას დღეს გედევან ფოფხაძე და რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა.
ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით – თუ [შიმშილობის] აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ, „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან განუცხადა, სადაც ის შიმშილობს.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, იმის ილუზია არ აქვთ, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა.
„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავინახავთ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოების და რეჟიმის დამოკიდებულებას. ჩვენ ვაპროტესტებთ რეალობას, რომელიც შეიქმნა, მაგრამ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ ფორმით რეჟიმის ქმედებების გაპროტესტება ერთგვარად ქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის დამოკიდებულების სტანდარტს, რაც ხდება. ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ჩვენ ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით. თუ რეჟიმი რაღაც გარდაუვალი მოცემულობაა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი დამოკიდებულებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ერთიანი და შეკრული იქნება. ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, რაც დღეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აქვს, გუშინ მაღალი წნევა ჰქონდა. არ მგონია, რაიმე საფუძველი იყოს იმის, რომ ამის გამო შევწყვიტოთ აქცია. თუ აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად“,- აღნიშნავს ფოფხაძე.