უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემაზეა მიერთებული

უკრაინის ყველა ატომურმა ელექტროსადგურმა სრული გამორთვის შემდეგ ეროვნულ ელექტრო ქსელზე წვდომა დაიბრუნა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რივნის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები კვლავ ჩართულია ქსელში და მუშაობენ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზეც. უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) გარე კავშირი ელექტრო ქსელთან მისი გათიშვიდან ერთი დღის შემდეგ აღდგა.
გროსის ინფორმაციითვე, IAEA-მ დაასრულა ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტების ერთკვირიანი მისია ჩერნობილში. IAEA-ში აცხადებენ, უკრაინის მოთხოვნით, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, გაგზავნიან მსგავს მისიებს რივნეს, სამხრეთ-უკრაინისა და ხმელნიცკის ობიექტებზე.