ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება

მიმდინარე წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით იცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ხორცილედება, ეტაპობრივად კი, მთელ საქართველოს მოიცავს.
მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები ელ-რეცეპტების სისტემას გაეცნენ. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც.
დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.