მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაზგასამართის შემმოწმებელ სპეციალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა.

დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია.

მამაკაცი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

“მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავკასიის მედიცინის ცეტრის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის განცხადებით, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა. ამჟამად, მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე, სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას.

სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე.” – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button