ელისაშვილი “სკანდალურ დოკუმენტს” ასაჯაროვებს

ალეკო ელისაშვილმა მერიის შიდა აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო ბიუჯეტს თითქმის ნახევარ მილიონიანი ზარალი მიადგა.

„სიტყვა-სიტყვით არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახური იყო და არის კორუფციის ჭაობი, რომ არქიტექტორის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო არის ჩაწყობისა და ბანდიტიზმის ბუდე. პროექტის ავტორები საკუთარი განაშენიანების გეგმებს ამტკიცებენ და კბილებით გააქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ 402 ათასი ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს შეგნებულად. არქიტექტურის სამსახურის მიერ შეგნებულად მოხდა კოეფიციენტების არასწორი დათვლა. 10 სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6 სართულიან შენობად, ვითომ 4 სართული იყო მიწისქვეშა სადგომი და სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ფართი,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.

დოკუმენტი პროკურატურაში იგზავნება და გამორიცხული არ არის, რომ ყოფილი მთავარი არქიტექტორის, დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თავად ყოფილი მთავარი არქიტექტორი დიმიტრი მოსულიშვილ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ დეტალებს ვერ იხსენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button