მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპაცია წინა ხელისუფლების დატოვებული მემკვიდრეობაა-კალაძე

მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან ოპოზიცია ოცნების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და “წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე” საუბრობს.
“კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.
მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!
დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი”- წერს კალაძე.

“ლომისის ტაძარზე სცადეს შესვლა და სანთლის დანთება, ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა”, – ამის შესახებ სოფელ კირბალის გამგებელი საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
“სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და სასაფლაოს ზემოთ არის ლომისის ტაძარი, სადაც სცადეს, რომ შესულიყვნენ, სანთელი დაენთოთ. ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა, კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი”, – თქვა მან.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.
„6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე. პრემიერის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.
მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე და, რა თქმა უნდა, გატაცებების გახშირებულ შემთხვევებზე? პოლიტიკური ურთიერთობების სპეციალისტები, კონფლიქტოლოგები და სხვა ექსპერტები ერთხმად საუბრობენ მთავრობის ბრალეულობაზე, კერძოდ კი “ქართული ოცნების” ეგრეთ წოდებულ არ გაღიზიანების პოლიტიკაზე.
ექსპერტების თქმით, დაუფარავ, თავხედურ მკვლელობამდე ოფიციალური თბილისის ხშირ შემთხვევაში გულგრილმა დამოკიდებულებამ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებულ პრობლემებსა და რეაქციის სრულმა არარსებობამ მიგვიყვანა.

ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას. გპირდებით ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს და დაისჯება!
ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია დასრულდება მაშინ, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და არა მტერთან კოლაბორაციით და ღალატით, რომელი გზაც ხელისუფლებამ აირჩია!
წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი “ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია”.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტთან და ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა მიზანმიმართულად და შეგნებულად ხორციელდება,
“გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს
ეს ყოველივე ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგსაც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მტერთან მარტო, დაუცველად დატოვება წარმოადგენს! ამასთანავე, ოკუპაციის ხაზის გადმოწევის არ შემჩნევის პოლიტიკამ, 2012 წლის შემდეგ, დამატებით 12 მილიონი კვ.მ-ის ოკუპაცია მოიტანა.
რეჟიმის სამარცხვინო, ანტიქართულმა ნაბიჯებმა, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის უფლებების შელახვა, მკვლელობა და გატაცება მოიტანა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც დიპლომატიური, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კუთხით რეაგირება არ მოჰყოლია.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, ვითარების დასტაბილურებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია პოლიციის პირადი შემადგენლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების რაოდენობის მინიმუმ გაათმაგება, აგრეთვე, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა თუ დაბებს, მიენიჭოთ განსაკუთრებული ეკონომიკური სტატუსი, ამასთანავე, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაათმაგდეს დახმარება, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ ქართული სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება იგრძნოს.
რუსული ოცნების მიერ გატარებულ კოლაბორაციონისტულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და უამრავი სხვა ჩვენი პატრიოტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველო ოკუპანტ რუსეთთან მარტო და პირისპირ არ უნდა იყოს დარჩენილი, ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჰქონდეს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით, მშვიდობიანად დაცვა, რასაც მოღალატეობრივი რეჟიმი შეგნებულად არ ახორციელებს.
მიგვაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტთან და ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა მიზანმიმართულად და შეგნებულად ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოსაყვანად გადასადგმელი ერთადერთი და აუცილებელი ნაბიჯი არსებული რეჟიმის მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა.
ხელისუფლების მხრიდან მოვითხოვთ, გადაიდგას ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ვითარების დასტაბილიზირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები და ოკუპანტის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ, პროვოკაციულ ნაბიჯებზე ეფექტიან რეაგირებას.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს”- ნათქვამია განცხადებაში.

პარტიები დროა და გირჩი – მეტი თავისუფლება კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ქართული სახელმწიფოს ერთადერთი მტერი რუსეთია – “ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს”.
პარტიები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები “სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა”.
“სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახს და მთელს საქართველოს.
ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია – ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს.
საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული.
როცა საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო-საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტები პრევენცია და აღკვეთა. რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, ქართულმა ოცნებამ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც საშუალებას აძლევს ოკუპანტებს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე.
როცა, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ გაზრდილიყო საერთაშორისო წნეხი და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო.
როცა, სულ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა.
სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს. მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს”- აცხადებენ პარტიაში.

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარედ მოკლული საქართველ მოქალაქე, თამაზ გინტურია.
რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ მოქალაქეს, ის ლევან დოთიაშვილია.
გინტურის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოასვენეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია.

ცნობისთვის სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს.
მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა “ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”.

ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გახარია სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს გახარია სოციალურ ქსელ X-ზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის შესასვლელი ამ წუთებში პოლიციას აქვს გადაკეტილი. მედიას სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. იქვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. სოფელში შევიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა.
კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფლის სასაფლაოსთან იმყოფებოდნენ და შემდეგ ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ მათი დაკავების მცდელობა და სროლა მოჰყვა.
თამაზ გინტური ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობით დაიღუპა, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დღეს 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button