მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ENKA ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის განცხადებაშია ნათქვამი. ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის “ნამახვანჰესის” მშენებლობა ჩერდება.
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა.
მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს”.-წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“რიონის ხეობის მცველების” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია “ენკას” გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც “ნამახვანჰესის” მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება.
“ხელისუფლებაში მყოფი მთელი წყება ჩინოვნიკების არის დაინტერესებული ამ პროცესით ფინანსურად. ეს პირდაპირ ურტყამთ მათ. ის რომ „ენკა“ გავა, პირდაპირ დაარტყამს კორუფციაში ჩართულ პირებს… თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში, გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა”, – განაცხადა გოლეთიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button