მნიშვნელოვანისიახლეები

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდა.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების საკითხი ერთ-ერთი მიმართულებაა.

“გამიკვირდა, რომ პრობლემებს ეძებენ იმ ადგილას, სადაც პრობლემები არ არსებობს. რაც შეეხება ამ დოკუმენტის არსს, ეს პროექტი შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით. პარტიების დაფინანსების საკითხს რაც შეეხება, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ დეოლიგარქიზაციის სისტემური მიდგომის დროს გათვალისწინებული იყოს პარტიების დაფინანსების საკითხი. კერძოდ, ორი საკითხი არის განსაკუთრებით გამოსაყოფი, ერთია პარტიის მხრიდან საერთო ხარჯის ზედა ჭერი, რომელიც დღეს უკვე დაწეულია. მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 პროცენტი იყო და ბოლო რეფორმის შედეგად 0.05 პროცენტამდე დაიწია. მოსაზრება იყო, კიდევ ხომ არ დაიწიოს, ამიტომ მსჯელობა გვექნება, რამდენად დაიწიოს.

მეორე საკითხია იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების საკითხი, პარტიის შემოწირულებების შეტანის საკითხი, რომელიც ასევე ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მოსაზრებებია, მათ შორის იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ, შესაძლოა, იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვრის გვერდის ავლა. საერთო ჯამში, იურიდიული პირებისგან შემოწირულებების ოდენობა ძალიან დაბალია. მაგალითად, 2020 წელს მთლიანი პარტიული შემოსავლების შემოწირულებების მხოლოდ სამი პროცენტი იყო იურიდიული პირებისგან. ასე რომ, ეს საერთო დაფინანსებასა და შემოწირულებებთან რაიმე სხვაობას არ იძლევა და დიდი მოცულობის თანხები არ არის. ოპოზიციისგან და არასამთავრობო სექტორისგან რაიმე კრიტიკული მოსაზრებები თუ იქნება, სიამოვნებით მოვისმენთ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი დათქმა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულების ბოლომდე შესრულებაა. თემის განსახილველად, დღეს მმართველი გუნდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

დისკუსია საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მესამე ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში ტარდება, რომელიც ამ წუთებში იხსნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიას საქართველოს პრინციპები და მიდგომები მოსწონს.

“ევროკომისიამ მოიწონა ის პრინციპები და მიდგომა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. გვექნება შეხვედრები და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. სწორედ მსჯელობა მიგვიყვანს იმ ვერსიამდე, რომელიც აისახება სამოქმედო გეგმაში,”- აცხადებს ოხანაშვილი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმის შედგენისას ევროპელი პარტნიორების რჩევებით მოქმედებდნენ და გეგმაში პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებასაც ევროკავშირის რეკომენდაციებს უკავშირებს.

კობახიძის აზრით, დეოლიგარქიზაციის გეგმა ოლიგარქიზაციის პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის. ის საკითხს კვლავ კონკრეტულ პირებზე თავდასხმისთვის იყენებს, მათ შორის, ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილსა და ლელოს გენერალურ მდივანს მამუკა ხაზარაძეს ახსენებს.

“პირველადი პროექტი არის მომზადებული, ბოლო ეტაპზეა ახლა განხილვები და ამის საფუძველზე დამტკიცდება საბოლოო სახით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. მე, რა თქმა უნდა, პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რა თქმა უნდა, ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიის დაფინანსების თემას, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის , ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, მაშინ მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, მაშინ საქმე ექნებათ მათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქიის პრობლემას პოლიტიკაში. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული ამ სამოქმედო გეგმით. […] ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან ოლიგარქები”, – აცხადებს კობახიძე.

“საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – ევროკომისიის 9 დათქმაზე თბილისში კონფერენცია გრძელდება. პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე გამოქვეყნდა. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

კონფერენციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. დათქმებზე განსხვავებული მოსაზრებაა ხელისუფლების ოპონენტებში. “ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ ევროკავშირის ახალი დათქმები განახორციელოს.

“კონფერენციაზე ხელისუფლების მიდგომა არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ არსებულ პრობლემებს და არანაირი პოლიტიკური ნება არ ფიქსირდება მათი მხრიდან, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რომლებიც არის ევროკავშირის ახლა უკვე 9 პუნქტში,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ერთ-ერთ პუნქტს – დეოლიგარქიზაციას, “გირჩში” მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პრობლემა არა დეოლიგარქიზაცია, არამედ, მათი შეფასებით, ერთპიროვნული მმართველობაა.

“მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და ამაზე უამრავჯერ მითქვამს, რომ ერთპიროვნული მმართველობაა ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ჩვენ უნდა ვოცნებობდეთ, რომ ოლიგარქია იყოს ამ ქვეყანაში და არ არის ეს ოლიგარქიზაცია და ვიგონებთ რაღაცას,” – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტი შეიმუშავა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მეხუთე პრიორიტეტის განხორციელების მიზნით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინამდებარე სამოქმედო გეგმა შემუშავებულია შვიდი მიმართულებით კანონმდებლობისა და მექანიზმების საფუძველზე:

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
მართლმსაჯულება;
ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც დოკუმენტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება. სამოქმედო გეგმის თანახმად, იურიდიულ პირებს საარჩევნო შემოწირულების გაკეთება აეკრძალებათ; თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარი კიდევ უფრო დაბლა შემცირდება, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button