მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ენმ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნაზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაეთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას მისი მომხრეების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

ბოტკოველის ინფორმაციით, თელავში, კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მისი მხარდამჭერი ბანერების განთავსების შემდეგ, მესაკუთრეების პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყო.

“თელავში, საკუთარ სავაჭრო ობიექტზე, სულხან ჭარბაძემ გამოაკრა ჩემი ბანერი, რის შემდეგაც, მას შემოსავლების სამსახური შეუგზავნეს და დოკუმენტაციას უმოწმებენ. ყვარელში, ჩემი ბანერის საკუთარ სახლზე განთავსების შემდეგ, 7 სექტემბერს, სამსახურიდან გაანთავისუფლეს სამუსიკო სკოლების გაერთინების დირექტორი, მრავალშვილიანი დედა, თამარ გიგილაშვილი. სოფელ ჩანტლისყურეში, კი, ერთ- ერთ პედაგოგს საათები გაუნახევრეს. ეს არის პოლიტიკური დევნა და სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენ განცხადებით მივმართავთ პროკურატურას.” – განაცხადა ბოტკოველმა.

სავაჭრო ობიექტის მესაკუთრემ, სულხან ჭარბაძემ დაადასტურა, რომ შემოსავლების სამსახური მის ორგანიზაციაში დოკუმენტაციას ნამდვილად ამოწმებს.

“ჩემი შემოწმება ყოველთვის არჩევნებს რატომ ემთხვევა? შემამოწმონ, ყველაფერი გამჭვირვალე მაქვს, მაგრამ ახლა, პანდემიის დროს, როცა ბიზნესი სულს ღაფავს, სხვა რა ვარაუდი უნდა მქონდეს?” – განაცხადა ჭარბაძემ რადიო ჰერეთთან.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებას ” ქართული ოცნების” თელავის შტაბში უპასუხეს. შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მათ ამ ფაქტებთან კავშირი არ აქვთ. სულხან ჭარბაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, იგი ბიზნესმენის მხრიდან ბრალდების გაჟღერებასაც უარყოფს.

პლატონ კალმახელიძე

“არასერიოზულია ამაზე საუბარი. ჩვენ ვართ წინსვლაზე ორიენტირებული პარტია და ბანერებს არ დავდევთ. სასაცილოა, რომ ეს პოლიტიკური პარტია საუბრობს ჩვენი მხრიდან ძალადობაზე და პოლიტიკურ ზეწოლაზე, არ ლაპარაკობს თავად ბიზნესმენი, რომელსაც თითქოს ავიწროებენ. ჩვენ მყარად ვიმარჯვებთ და რეპრესიები არც აქამდე გვჭირდებოდა და არც ახლა გვჭირდება.” – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და “ქართული ოცნებიდან”, მაჟორიტარობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს. ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც არიან დადანაშაულებული და ეს ფაქტი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშში ასევე მოხვდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button