მნიშვნელოვანისიახლეები

„ენმ”-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო იყო კანდიდატს მიეღო ხმების ნახევარზე მეტი.

მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

„რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 49 638 ადამიანი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 41 264 შეადგინა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე განაწილდა:

ნონა მამულაშვილი- 1537 ხმა, რაც შეადგენს 3, 73 %-ს.

ნიკა მელია- 16 476 ხმა, რაც შეადგენს ზუსტად 40%-ს.

გიორგი მუმლაძე-1516 ხმა, რაც შეადგენს 3,68 %-ს.

ლევან ხაბეიშვილი-21 656 ხმა, რაც შეადგენს 52, 58%-ს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი. პირველივე ტურში 52, 58%-ით გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა – 41 264-მა.

2022 წლის 9 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილმა პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია და მზად იყო მისი დაწყებისთვის.
10 იანვარს მედიასთან საუბარში ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ “არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას”, თუმცა 16 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მეგობრებთან ერთად მიიღო.

ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის დეკემბერში გახდა. მან თავის კონკურენტზე, ლევან ვარშალომიძეზე, მეტი ხმა მიიღო Facebook-გამოკითხვაში.

ამ დროს ნიკა მელიას წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 19-20 ივნისის ღამეს “ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით”. მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს, თანხის გადაუხდელობის შემდეგ კი პატიმრობით შეუცვალეს. მელიას დასაკავებლად 2021 წლის 23 თებერვალს პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა.

მისი გათავისუფლება იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს წარმოებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. პროკურატურა აცხადებდა, რომ მზად იყო მელიას შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება, თუ თანხას – 40 000 ლარს – გადაიხდიდა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ბრალდებულთა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება და მათ შორის ნიკა მელიას საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილი გახდა.

შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა, თუმცა ამნისტიის კანონის მიღებამდე, ნიკა მელიასთვის შეფარდებული 40-ათასლარიანი გირაო ევროკავშირმა გადაიხადა, რის შემდეგაც მან საპატიმრო დატოვა.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ამ შედეგს, ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში, ძნელია, ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, რთულია, ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ – ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა. არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული და მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რომ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა, ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს“, – განაცხადა მელიამ.
როგორც მელიამ აღნიშნა, პარტიაში რჩება.
„ვფიქრობ, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები. ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან. რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ათასობით უღალატო მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასი არიან, როგორც თანამებრძოლები, გაცილებით უფრო ძვირფასი არიან, როგორც პარტიის წევრები, მხარდამჭერები, ამომრჩევლები, ვიდრე თუნდაც მეგობრები. ბევრჯერ მისაუბრია, რომ ჩემთვის ამ ბრძოლაში თანამებრძოლობა გაცილებით მაღალი, აღმატებული ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ბავშვობის მეგობრები. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, რომელმაც გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. განსაკუთრებული მადლობა ყველა უღალატო ადამიანს, რომლებიც შეასრულებენ ძალიან დიდ როლს ამ ქვეყნის განვითარების პროცესში.
ამ ბრძოლაში ძალიან დიდ გუნდს გააზრებულად შემოვუერთდი 2013 წელს. ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია. მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს. ამ რეალობაში ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა.
ამის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა, ხაზს ვუსვამ, ბრძოლაში არათუ ვიქნები ჩართული, არამედ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მოტივაციით ვიქნები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ეს ასე იყო ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button