მნიშვნელოვანისიახლეები

,,ენმ,,-სთან შეხვედრის შემდეგ უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი „MEGOBARI აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ უიკერსს შეხვდნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადახედვის საკითხი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესა და „მეგობარი აქტის“ თანაავტორთან, ჯო უილსონთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.

„შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრის საპასუხოდ, ჯო უილსონმა ღია განცხადება გააკეთა და მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
– ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება“, – წერს ჯო უილსონი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თინა ბოკუჩავამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს. ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ქართველი პოლიტიკურ დელეგაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში ერთი კვირა გაგრძელდა.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შეხვედრებმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა და ემსახურებოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„მას შემდეგ, რაც შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, შეხვედრები გვქონდა ანალიტიკურ ცენტრებში – არაერთ კონგრესმენს, სენატორს, მათ შორის სენატორ უიკერსს შევხვდით, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, ასევე კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. დღეს ვასრულებთ ძალიან წარმატებულ, ნაყოფიერ ვიზიტს აშშ-ში, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის MEGOBARI აქტის მიღებას, რომელიც უამრავ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს და ამ ეტაპზე ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის, მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რომელიც ხელს უშლის ამერიკა-საქართველოს მეგობრობას, იმ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და რომელსაც აუცილებლად აღვადგენთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სირიამ, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს „აღიარა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button