დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მთავრობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო.
დღევანდელ დღეს აშშ-ის საელჩო „ფეისბუქგვერდზე“ ეხმაურება.
„დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების ფიქრობს მხოლოდ ერთზე – საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” – მერაბ კოსტავა.
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“,- აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – დღეს ტრადიციულად საზოგადოება, 9 აპრილის მემორიალთან იკრიბება და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
ცოტა ხნის წინ 9 აპრილის მემორიალთან მივიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. თუმცა არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
“ქართულ ოცნებას” დღეს არ უსაუბრია რამდენად იცავს იმ მონაპოვარს, რის გამოც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.
9 აპრილის გმირთა მემორიალთან მისვლამდე, პრემიერმა ღარიბაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა.
9 აპრილი და მთელი ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა.
როგორ ბოკერიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება მზად იყო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის კიდევ შეეწირა მსხვერპლი, რასაც ორ წელიწადში მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის დარჩება თავგანწირვისა და ამავდროულად, ეროვნული სიამაყის დღედ, – ამის შესახებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „9 აპრილი თითოეული ჩვენთაგანისთვის ერთდროულად არის დიდი ტკივილის და გამარჯვების სიმბოლო“.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეები. მათ, 34 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.