ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა და იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც კორონავირუსის გლობალური პანდემიის დროს ხშირად იყო მიკერძოებული თავდასხმების სამიზნე, 22 აგვისტოს განაცხადა, რომ 50 წლიანი სამსახურის მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს.
„დღეს ვაცხადებ, რომ ვტოვებ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ინსტიტუტის იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას. ამ პოზიციებს მიმდინარე წლის დეკემბერში დავტოვებ, რათა ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალო“, – განაცხადა ფაუჩიმ.
მისი თქმით იგი დატოვებს როგორც ინფექციური დაავადებების დარგში აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტის, ისე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის, პოსტებს.
COVID-19-ის პანდემიის დროს პროფესორი ფაუჩი ხშირად ჩნდებოდა პრესკონფერენციებზე თეთრი სახლის იმჟამინდელ წარმომადგენლებთან და თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად. მაგრამ ტრამპის დამოკიდებულებაც ფაუჩისადმი კრიტიკული გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი სიფრთხილისადმი ფაუჩის მუდმივი მოწოდებები შეეჯახა ყოფილი პრეზიდენტის სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება მათ შორის ვირუსის მკურნალობის არდადასტურებული მეთოდების გამოყენებით.
ფაუჩის თავისი საქმიანობის გამო არაერთხელ დაემუქრნენ პოლიტიკური თავდასხმებითა და მკვლელობით, რის გამო მას დაცვა დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა თეთრი სახლი დაიკავა, მან ენტონი ფაუჩის სთხოვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უფრო მაღალ პოსტზე დარჩენილიყო.
ინსტიტუტში 81 წლის ენტონი ფაუჩი 38 წელია, მუშაობს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციიდან მოყოლებული.
ფაუჩის თანამდებობიდან წასვლის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა შეაქო ფაუჩის მუშაობა და აღნიშნა მისი ურყევი ერთგულება სამუშაოსადმი, ისევე, როგორც მისი შეუდარებელი შემართება, ენერგია და მეცნიერული პატიოსნება.
„საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დოქტორი ფაუჩის დიდი წვლილის გამო, აქ, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში ბევრი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. როდესაც ის დატოვებს თავის თანამდებობას აშშ-ის მთავრობაში, მე ვიცი, რომ ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო გააგრძელებს დოქტორი ფაუჩის გამოცდილებით სარგებლობას, რითაც არ უნდა დაკავდეს ის მომავალში. უღრმეს მადლობას ვუხდი მას საჯარო სამსახურისთვის. მის გამო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერი, მდგრადი და ჯანმრთელია“, – განაცხადა ბაიდენმა.
ფაუჩის განცხადებით, ის არ გადის პენსიაზე და გააგრძელებს მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინსვლას, ასევე ეცდება, შთააგონოს და მენტორობა გაუწიოს მომავალი თაობის მეცნიერულ ლიდერებს, რადგან ისინი მომავალში მსოფლიოს ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშე მომზადებაში დაეხმარებიან.