მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე-პრემიერის ანგარიშს მმართველი და ოპოზიციური გუნდი აფასებს

პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე, მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი პარლამენტის ტრიბუნიდანაც სიცრუის ტირაჟირებას მოახდენს.

“როგორც თავად “ქართულ ოცნებას” უყვარს თქმა, დღეს იქნება “სიცრუეში მხილების” დღე ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის. მათ მიერ წარმოდგენილი 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე. მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და რომ კავკასიაში მდებარეობს. გეოგრაფიული აღწერილობის გარდა ყველაფერი სიცრუეა, განსაკუთრებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომ თურმე უმუშევრობა მცირდება, შემცირდება აბა რა, თუ 50 ათასი კაცი დარჩა შარშან უცხოეთში, უმუშევრობა შემცირდება. ყველაფერი სიცრუეზეა აგებული ამ ანგარიშში.

ბევრი მწვავე კითხვა იქნება: რატომ ებრძვის დასავლეთს, რატომ არის რუსეთის მხარეს, რატომ არ უჭერს მხარს უკრაინას, ბოლოდ და ბოლოს ერთი ყუთი წამლები მაინც გაეგზავნა, როცა 84 ქალაქი და სოფელი ჩაძირა რუსეთმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა იქნება, რატომ არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და რატომ არ ასრულებენ რეკომენდაციებს, რასაც ადასტურებს უკვე თავად ევროკავშირი და ეს გამოვლინდა ბრიუსელში ჩატარებული სხდომის შემდეგ,” – განაცხადა გოცირიძემ.

“პრემიერის ანგარიში არის მცდელობა, გაასაღოს წარუმატებლობა წარმატებად და მასში ძალიან ბევრი სიცრუე და მანიპულაციაა წარმოდგენილი, მაშ შორის, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ, დღეს სერიოზული კითხვები გვექნება პრემიერთან და იქნება მხილება ამ დოკუმენტისა, რომელიც არასწორად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” რეალურ საქმიანობას.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკა რუსეთთან უფრო ახლოს ყოფნაა.

“წინაზე არ ჰქონდა პასუხები უსაფრთხოება რასთან არის დაკავშირებული, ევროპასთან უფრო ახლოს თუ რუსეთთან უფრო ახლოს. “ქართული ოცნება” რასაც აკეთებს, ეს არის პოლიტიკა – რუსეთთან უფრო ახლოს. უსაფრთხოებისა და მოქალაქეების პრობლემების მიმართულებით არც ერთი საკითხი მოგვარებული არ არის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ის პრემიერის დღევანდელი მოხსენებიდან ახალს არაფერს ელოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურმა თავისი დღევანდელი გამოსვლით საკუთარ თავსაც გადააჭარბა.

„საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რომ დღემდე ეს გუნდი, ეს პარტია და ეს ადამიანი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის შეურაცხყოფა, რომელიც ახლა მან ტრიბუნიდან გააჟღერა, ეს არის ნამდვილად ჩემი და ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა და ეს მინდა თამამად ვთქვა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან პრემიერს კითხვით მიმართა, რატომ არ მიდის ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე.

„ბატონო ირაკლი, თქვენ საუბრობდით სტატუსზე და რაღაც კამპანიურად ამბობთ, რომ სტატუსი მნიშვნელოვანია და ა.შ. თქვენი გუნდის წარმომადგენელი, კახა კალაძე, ამბობს, რომელიც, თუ არ ვცდები, რაღაც თანამდებობას იკავებს „ქართლ ოცნებაში“, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ესეც არ არის პრობლემა და მე მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა თქვენ მის ამ განცხადებას, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ესეც პრობლემა არ არის?

მეორე, რაც მაინტერესებს, ეს არის, რატომ არ მიდიხართ ვილნიუსის სამიტზე და ხომ არ უკავშირდება ეს „გლობსეკზე“ თქვენს განცხადებებს, როდესაც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ პირდაპირ დაადანაშაულა ნატო, თქვენს განცხადებას ვციტირებ, იმაში, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოხდა და რატომ არ ესწრებით იმ ძალიან მნიშვნელოვან სამიტს?

თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც აქ რუსულ კანონს აპროტესტებდა, სატანისტებს უწოდებდით. ამიტომ მე მართლა მაინტერესებს, ასე ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც დასავლეთში მიდის განათლების მისაღებად, მართლა სატანისტია? და მათ შორის ძალიან ბევრი თქვენი შვილებიც მიდიან. ახალს არაფერს არ ველოდებოდი აქ თქვენგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენს თავსაც გადააჭარბეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიში, ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების კუთხით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზეა ორიენტირებული.

მიქანაძის თქმით, ოპოზიციას ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებს, რის გამოც ყველაფერს აკრიტიკებს და აიგნორებს მიღწეულ წარმატებებს.

“ეს ანგარიში ორიენტირებულია ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების კუთხით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე. ოპოზიციას აქვს ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ნიშა დაჭერილი, რომ ყველაფერი აკრიტიკონ. არაფერი მათთვის მოსაწონი არ არის და ის მიღწევები და შედეგები, რომელიც თვალსაჩინო და ხელშესახებია მთელი საზოგადოებისათვის, მაქსიმალურად დააიგნორონ”, – განაცხადა მიქანაძემ.

მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას რომ შევძელით, თქვენ უპირველეს ყოვლისა და ჩვენ ყველამ ერთად, რომ უზრუნველგვეყო მშვიდობა იმ პირობებში, როცა ირგვლივ, 2022 წლიდან მოყოლებული, ვართ ცეცხლის ალში და ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა იყოს ჩათრეული ამ ომში,”- ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერს იმისთვისაც, რომ ქვეყანა არ არის იმ ქვეყანათა სიაში, რომელთა მეშვეობითაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდება.

“რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყვიან მადლობას იმისთვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო, რომ საქართველოს ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული სანქციების გვერდის ავლის რისკები დააიდენტიფიციროს და არ გახდეს ამის ხელშემწყობი ქვეყანა საქართველო, მე გეტყვით ამისთვის დიდ მადლობას, თქვენ და თქვენ სამთავრობო გუნდს, რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემა გაქვთ. მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას, რომ შევძელით, თქვენ უპირველეს ყოვლისა და ჩვენ ყველამ ერთად, რომ უზრუნველგვეყო მშვიდობა იმ პირობებში, როცა ირგვლივ, 2022 წლიდან მოყოლებული, ვართ ცეცხლის ალში და ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა იყოს ჩათრეული ამ ომში. ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის, მოდით კიდევ უფრო მეტად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები ისე, როგორც ამას თქვენ ახლა აკეთებთ,”-განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button