მნიშვნელოვანისიახლეები

2023 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა

დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 6 საათიანი განხილვის შემდეგ დამტკიცდა. ორმა დეპუტატმა ოპოზიციიდან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ თბილისმა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ბიუჯეტი მიიღო. მილიარდ 632 მილიონი ლარი – რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით – 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.

“ბიუჯეტი უპრეცედენტო თანხით დამტკიცდა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი არის გამოყოფილი თბილისელებისთვის და თბილისის კეთილდღეობისთვის.

ბიუჯეტის მიმართულებით საკრებულოს სხდომაზე კითხვები არ ყოფილა. იყო გარკვეული მსჯელობები, გავეცით შესაბამისი პასუხები. საბოლოო ჯამში 330 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტი დამტკიცდა, ვიდრე ეს გასულ წელს იქნა დამტკიცებული”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
იქამდე იყო თბილისის მერის მოხსენება, ოპოზიციის რეპლიკებისა და შეძახილების ფონზე. სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომაზე ბანერი მიიტანეს და მისი გაშლა სცადეს. საკრებულოს დაცვამ ოპოზიციის მომხრე აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინა.

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა კახი კალაძესთან ხელბორკილის მიტანა სცადა.

კამათის გარდა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გამოსვლა გააპროტესტა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ზონდერი უწოდა.

დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვის ნაცვლად საკრებულოს ოპოზიციამ დრო თითქმის მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს დაუთმო. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია, თბილისის საახალწლო სლოგანი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ოპონენტებს თავად კახი კალაძემ უპასუხა.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარდგა
დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდა. კახი კალაძის გამოსვლის მთავარი გზავნილები მიმდინარე და სამომავლო პროექტებიც იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button