ეპიდვითარება უარესდება შესაძლოა COVID-19-ის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს-გამყრელიძე

საქართველოში ეპიდვითარება უარესდება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, COVID-19-ის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს,
“ეპიდვითარება ქვეყანაში დაახლოებით ბოლო 20 დღეა თანდათან უარესდება. იმატებს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი, იმატებს თანდათან დადებითობის მაჩვენებელი. ე.წ. რეპროდუქციის მაჩვენებელი უკვე 1-ს ზემოთ არის, რაც ძალიან საყურადღებოა. ასევე იმატებს აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ ადამიანების, რომლებიც არიან საავადმყოფოებში ან ბინაზე, ან სასტუმროებში მკურნალობაზე – ყველა ეს ინდიკატორი, სამწუხაროდ, უარესდება. ის, რომ კლასტერებია ჩამოყალიბებული სამეგრელოში, შიდა ქართლსა და გურიაში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა დაიწყოს საყოველთაო გავრცელება. პირველ რიგში, დღეს რაც გვაქვს, იმ შეზღუდვების აღსრულება უნდა გამკაცრდეს და მეორე, რაც მთავარია, მოსახლეობას კიდევ მეტად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. თუ რეკომენდაციებს შევასრულებთ პატიოსნად, მაშინ დიდი შეზღუდვების ალბათობა დაბალი იქნება”.-აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 454 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 283 833
• გამოჯანმრთელებულია – 274 599
• გარდაცვლილია – 3811
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15649 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8002, PCR ტესტით – 7 647